მარტიდან კერძოდ დაზღვეულები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ
ეკონომიკა

მარტიდან კერძოდ დაზღვეულები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ

მარტიდან კერძოდ დაზღვეულები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ
ბექა დანელია

2017-02-11 15:30:32

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. საკითხი მთავრობის სხდომაზე უკვე დაამტკიცეს. ცვლილების განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„2013 წლის 1-ლი ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო დაზღვევით სარგებლობდა 500 ათასამდე ადამიანი, თუმცა შემდეგ ნაწილი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა (მაგალითად დაკარგეს სამსახური და ა.შ.), გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013 წლის 1-ლი ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ აიღო პოლისი, ე.წ. ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა 2013 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით არსებული სიების განახლება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცვლილებების შედეგად, 2013 წლის 1-ლი ივლისიდან დღემდე, 120 ათასამდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური პაკეტით მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი. მეორე მხრივ, ვინც ორმაგი დაფინანსებით სარგებლობდა გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო დაზღვევის მფლობელი.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული. თანხის მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება.

„ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე ავამოქმედებთ. ის რეალურად დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, აგრეთვე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე“, - განაცხადა სერგეენკომ.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილია მაქსიმალურად მოხმარდეს ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვა, რომლითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რა თქმა უნდა, ასეთი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან ბევრ ქმედებას განახორციელებს“, - განაცხადა ფინანსთა მისიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ზოგადად 2017 წელი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებით დაიწყო. თებერვლიდან სახელმწიფო დაზღვევას ის კლინიკები გამოეთიშნენ, რომლებიც ვერ უზრუნველყოფდნენ სამინისტროს მიერ შემუშავებული კრიტერიუმების შესრულებას.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, პროგრამაში ჩართული კლინიკების შემოწმების პროცესი წელიწადნახევრის წინ დაიწყო.

„ჯანდაცვის სამინისტრომ 1,5 წლის წინ დაიწყო მონიტორინგი და იყო რეკომენდაციის მექანიზმები. ბევრმა კლინიკამ ეს გაითვალისწინა, მაგრამ ზოგიერთმა კლინიკამ არ გაითვალისწინა, ანუ ისინი ვერ ასრულებენ მოთხოვნებს, რასაც სახელმწიფო აყენებს. ასეთ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ უზრუნველყოფენ მაღალი სამედიცინო მომსახურეობის მიწოდებას მოსახლეობისათვის, რა თქმა უნდა, ეთიშებიან პროგრამას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ჯერჯერობით საყოველთაო დაზღვევის მიღმა 10 კლინიკაა დარჩენილი. გამორიცხული არ არის, წლის განმავლობაში მათი რიცხვი გაიზარდოს.

ნანახია - 560

ამაპოლა

2017-02-11 20:39:46

მარტიდან ვეღარ ისარგებლებენ, თუ ივლისიდან???

tngh

2017-02-12 15:53:53

სწორი მიდგომაა. კეთილი ინებონ და გაიმეტონ ფული საკუთარი ჯანმრთელობისათვის იმატმა, ვისაც წლიურად ათასობიტ ლარი შემოსავალი აქვთ. გამონთავისუფლებული თანხა მართლაც გაჭირვებულებს უნდა მოხმარდეს

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80