ეროვნულმა ბანკმა ინფლაცია ვერ მოზომა
ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ინფლაცია ვერ მოზომა

ეროვნულმა ბანკმა ინფლაცია ვერ მოზომა
ბექა დანელია

2017-02-11 13:40:13

ინფლაციამ მოსახლეობას 2017 წლის პირველივე თვიდან „დაარტყა“. ვითარება თანდათან მძიმდება. ეროვნული ბანკი აღიარებს, რომ ფასები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო. წინ რთული თვეებია, როდესაც ინფლაცია „ძალას იკრებს“. ამას ზედ ერთვის აქციზის ზრდის გამოისობით მთელი რიგი პროდუქტების ხელოვნურად გაძვირება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, „შეიძლება, ინფლაციაზე გარეგანი ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდეს და ამიტომ გადამეტებულმა რეაქციამ მომავალში უფრო ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ინფლაციის ზრდას ველოდით, მაგრამ იგი შეიძლება იყოს ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა, თუმცა ძირითადი სურათი არ შეცვლილა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ინფლაციაზე, ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორები - აქციზის ზრდა და სავალუტო რყევები მოქმედებს.

„25 იანვარს გამართული მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგაც ვთქვით, რომ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გამო, 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივზე მაღლა იქნება, მაგრამ ამავე დროს, სხვა თანაბარ პირობებში, 2018 წელს ინფლაცია უნდა შემცირდეს და მიზნობრივთან (3%) ახლოს უნდა იყოს. ვფიქრობ, მის ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს.

„თარგეთირების“ რეჟიმი, რაც საქართველოში მოქმედებს, განაპირობებს სწორედ იმას, რომ ინფლაცია შეიძლება იყოს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა ან დაბლა. ის პოლიტიკა, რომელიც სებ-მა განსაზღვრა, არის იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე იყოს შენარჩუნებული. ჩვენ განვაცხადეთ კიდეც, რომ 2017 წლის განმავლობაში ვაპირებთ მონეტარული პოლიტიკა ზომიერად გავამკაცროთ“, - განუცხადა „ბიზნესკონტრაქტს“ გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტის ასეთ მიდგომას ეთანხმებიან საბანკო სფეროს სპეციალისტები. ექსპერტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ რეფინანსირების სესხებზე განაკვეთის გაზრდა აუცილებელია, რადგან ინფლაციის შესაკავებლად სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„რასაც ვაკვირდებით, რეალურად ფასი ყველაფერზე მაღლა იწევს და დიდად არც კურსის გამყარებას ველოდებით. მეტიც, სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა არ უწყობს ხელს ეროვნული ვალუტის თვალშისაცემ გამყარებას. ამიტომ ყველა ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ და რეფინანსირების განაკვეთი გაზარდონ. ეს სწორი ნაბიჯი იქნება. სებ-ს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ, ვიდრე ჩვენ ყველას. გათვლები გაკეთდება, რის შესაბამისადაც მიიღებენ ზომებს, თუმცა, ვფიქრობ, აწევა კიდევ მოუწევთ“, - ამბობს ექსპერტი.

ამასობაში ინფლაცია ძალას იკრებს. „საქსტატმა“ ოფიციალურად იანვარში თითქმის 4%-იანი ინფლაცია დააფიქსირა. გაცილებით მაღალია ISET-ის კვლევის შედეგები, რომელიც სურსათის კუთხით ჩატარდა. თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აღნიშნავს, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ფასების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა და 10,1% შეადგინა.

 

საქონლის გაძვირების მიზეზად სახელდება როგორც ლარის გაუფასურება, ასევე საახალწლო პერიოდი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყველაზე მეტად ფასმა ღორის ხორცზე მოიმატა და ამ მაჩვენებელმა 35% შეადგინა. ასეთივე სხვაობით გაიზარდა ფასი სტაფილოზე, პომიდორზე კი - 34%-ით. აღნიშნულ პერიოდში მოიმატა ხილის ფასმაც.

ნანახია - 594

tngh

2017-02-12 17:55:19

ღორის ხორცი არ გაძვირებულა, ხოლო პომიდორი და ხილი, რომ ზამთარში ყოველთვის ძვირდება, ამას რად უნდა კვლევა და გრანტები???

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80