ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და საქართველო (მეორე ნაწილი)
პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და საქართველო (მეორე ნაწილი)

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და საქართველო (მეორე ნაწილი)
თემურ ბასილია

2017-02-10 13:30:21

აღსანიშნავია, რომ განვლილი 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოსადმი იყო ორპარტიული. ანუ, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო აშშ-ის პრეზიდენტი, საქართველოს ჰქონდა მათი მხარდაჭერა; ეს გახლდათ როგორც დემოკრატების - ბილ კლინტონის და ბარაქ ობამას, ასევე, რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს. გარდა ამისა, საქართველომ შეიძინა მეგობრები და მხარდამჭერები აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან განვლილი 25 წლის მანძოლზე, მათ ჰქონდათ საერთო ინტერესები, რომლებიც საქართველოსთვის ნამდვილად წარმოადგენდა სტრატეგიულ ინტერესებს, თუმცა, ამერიკული გადმოსახედიდან საქართველო არასოდეს მოხვედრილა მათი სტრატეგიული პრიორიტეტების სათავეში.

რამდენადაც, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე მნიშვნელოვანწილად იქნებადამოკიდებული, თუ, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს რეგიონში, ამიტომ, ჯერ განვიხილოთ მათ შორის თანამშრომლობის შესაძლო ფორმები.

აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ხშირად საუბრობდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე; მან ასევე, დადებითი დამოკიდებულება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ. მისმა ასეთმა განცხადებებმა არაერთი კითხვა წარმოშვა, მათ შორის - ხომ არ არის მოსალოდნელი შედგეს დიდი გარიგება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გავლენის სფეროების გადანაწილების თაობაზე. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად არის შესაძლებელი ასეთი გარიგება, უნდა ჩავიხედოთ აშშ-რუსეთს შორის არსებულ წინააღმდეგობებში და ვნახოთ, რამდენად რეალურია მათი დაძლევა უახლოეს მომავალში.

პირველი: მიუხედავად დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მიმართ არაერთხელ გამოხატული პოზიტიური დამოკიდებულებისა, მან ადმინისტრაციის საკვანძო თანამდებობებზე წარადგინა ისეთი პირები, რომლებიც რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრენი არიან; ეს განსაკუთრებით ეხება თავდაცვის მინისტრს - ჯეიმს მატისს და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორს - მაიკ პომპეოს.  მართალია, სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს, რუსეთთან დიდი ხნის თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, მაგრამ ეს თანამშრომლობა ბიზნესში იყო და არა პოლიტიკაში; გარდა ამისა, სენატში მოსმენების დროს მანაც საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთთან მიმართებაში. ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ იქნება ცალსახად რბილი და დამთმობი.

მეორე: მართალია, პოლიტიკაში პირად ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, არც იმდენი, რომ ასეთი დიდი სახელმწიფოების მეთაურები საკუთარი ქვეყნებისთვის საზიანო გადაწყვეტილებებზე დათანხმდენენ. სავსებით შესაძლებელია, რომ პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჩამოყალიბდეს კარგი პირადი ურთიერთობები, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების დროს ისინი უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ. აშშ-ში ნამდვილად არსებობს მექანიზმები, მათ შორის, ხელისუფლების დაყოფის პრინციპი, რომ გაკონტროლდეს ასეთი საკითხები.

მესამე: ამჟამად აშშ-სა და რუსეთს შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავება და შეუთავსებლობა მთელ რიგ საკითხებში. დღევანდელ მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ გლობალური ლიდერი და ჰეგემონი. რაც შეეხება რუსეთს, იგი ცდილობს ევრაზიის კავშირის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალი იქნება ამერიკული გავლენისგან, რაც შეუთავსებადია ამერიკის დღევანდელ როლთან. 

უნდა აღინიშნოს, რომ საუბრები გავლენის გადანაწილების თაობაზე არ არის აშშ-ის მიერ ინიცირებული; მათ არა აქვთ არსებული მდგომარეობის რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის ინტერესი. ეს, რუსეთია დაინტერესებული არსებული სიტუაციის შეცვლით და გავლენის საკუთარი სფეროების ჩამოყალიბებით. სწორედ, მათ უნდათ, რომ აშშ-მა აღიაროს რუსეთის უპირობო გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე და მათ შორის, მიიღონ ამ რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტის ექსკლუზიური გადაწყვეტილების უფლება. ასევე, რუსეთის სურვილია, რომ აშშ-მა აღიაროს რუსეთის მიერ დე-ფაქტო ჩამოყალიბებული სახელმწიფოთაშორისო საზღვრები, მათ შორის - ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის გაურკვეველი სტატუსი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩამოცილება საქართველოდან და ა.შ. ამერიკელების აზრით კი, ყველა ქვეყნას უნდა ჰქონდეს უფლება, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკა და იმოქმედოს თავისი ეროვნული/სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონფლიქტებს, ისინი უნდა გადაწყდეს არა რომელიმე ერთი ქვეყნის, არამედ საერთაშორისოდ ჩამოყალიბებული მექანიზმების მეშვეობით. როგორც ვხედავთ, საკმაოდ სერიოზული განსხვავებაა აშშ-ისა და რუსეთის მიდგომებში აშშ-სა და რუსეთის როლთან დაკავშირებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სიტუაციის შეცვლის მცდელობა რუსეთს ჰქონდა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის დროს, თუმცა, უშედეგოდ. აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა იყო პრეზიდენტ ობამას პირველი ვადის დროსაც, როდესაც წამოიწყეს რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკა“, თუმცა მიდგომებს შორის ფუნდამენტური განსხვავევების გამო, ეს მცდელობაც წარუმატებელი გამოდგა.

პრეზიდენტ ტრამპის გუნდში არიან პირები, რომლებიც იზიარებენ რეალ-პოლიტიკის მიდგომებს და რომლებიც თვლიან, რომ შესაძლებელია უფრო მეტი თანამშრომლობა რუსეთთან, ასევე, გარკვეულ სფერობში მათი ინტერესების გათვალისწინებაც. ესეც გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გაჩნდა გარკვეული შიში, აშშ-ის მიერ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე რუსეთის გავლენის აღიარების თაობაზე. მართალია, ამერიკული რეალ-პოლიტიკის მიდგომით გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული რეალობა, თუმცა, ეს არ გულისხმობს ამერიკულ ინტერესებზე უარის თქმას. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მთავარი წინაარჩევნო სლოგანი გახლდათ Make America great again! ანუ, დავუბრუნოთ ამერიკას ძველი სიდიადე!

აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, აშშ-სა და რუსეთს შორის შედგეს შეთანხმება გავლენის სფეროების გადანაწილების თაობაზე, არ უნდა იყოს მაღალი. თუმცა, ნამდვილად იქნება საკითხები, სადაც ორივე ქვეყანა ითანამშრომლებს ერთმანეთთან. ასეთ საკითხთა ჩამონათვალში იქნება სირიისა და უკრაინის საკითხები. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ცხინვალის ავანტიურის გამო, საქართველოს და ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) საკითხი გადასულია შედარებით უკანა პლანზე. საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა მოუწევს, რომ ეს თემა ისევ გახდეს აქტუალური და  ჩაირთოს მაღალ დონეზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში.

აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რომელიც ითვალისწინებს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას, შესაძლებელია და, დიდი ალბათობით, მოხდება კიდეც. მართალია, რუსეთის ინიციატივით ჩამოყალიბებულია კოალიცია რუსეთის, თურქეთის და ირანის მონაწილეობით, მაგრამ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამიტომაც, სირიასთან მიმართებაში შესაძლებელია, რომ აშშ და რუსეთი გაითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესს და მათ შორის თანამშრომლობაც შედგება.

ასევე შესაძლებელია აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობა მინსკის შეთანხმების ფარგლებში უკრაინის საკითხზე. ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში გამწვავებულმა ვითარებამ აჩვენა, რომ აშშ არ აპირებს ამ პრობლემის უგულებელყოფას. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისთვის უკრაინის თემა იქნება ტესტი, რამდენად გახდება შესაძლებელი რუსეთთან თანამშრომლობა ამერიკის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

რუსეთი მწვავედ რეაგირებს ამერიკელთა გეგმებზე დამატებითი სამხედრო ბაზების და რაკეტ-საწინააღმდეგო თავდაცვის აღჭურვილობის განლაგების თაობაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. აშშ-ის სამხედრო ბაზების ამჟამინდელი დონე ევროპაში არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, მაგრამ, თუ აშშ რეალურად განახორციელებს თავის გეგმებს, ეს თანაფარდობა დაირღვევა. ეს თემაც ალბათ, გახდება ორ ქვეყანას შორის განხილვის საგანი და შესაძლებელია მოხდეს პოზიციების შეჯერება.

ასევე შესაძლებელია შედგეს თანამშრომლობა არქტიკის ათვისებასა და განვითარებაში, სადაც ამერიკული კომპანიები შეიძლება ჩაერთონ ენერგეტიკულ და ინსფრასტრუქტულ პროექტებში,რომლებიც განხორცილედება რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში.

თუ, უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ს, ევროგაერთიანების ქვეყნებსა და რუსეთს შორის მოხდება გარკვეული პროგრესი, ასევე, შედგება თანამშრომლობა სირიის საკითხზე, შესაძლოა აშშ და ევროგაერთიანება დათანხმდნენ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას, ან თუნდაც მოხსნას. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ რეალურად, ეს სანქციები რუსეთისთვის არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს; მას არა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე იმდენი გავლენა, რომ გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი და სერიოზული რყევები.

როგორც ვხედავთ, ცალკეულ სფეროებში შესაძლებელია აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობა, თუმცა, რუსეთისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის დომინანტური როლის აღიარებაზე შეთანხმება, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება.

აშშ და საქართველო: თანამშრომლობის პერსპექტივები

თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტებს საგარეო პოლიტიკაში, შესაძლოა აშშ არ იყოს ისეთივე აქტიური სამხრეთ კავკასიაში, როგორც წინა ადმინისტრაციების დროს. ასეთ პირობებში აუცილებელია, რომ საქართველომ მოძებნოს ის სფეროები, სადაც შესაძლებელი იქნება პარტნიორობა აშშ-თან.

პირველ რიგში, საქართველო უნდა წარმოჩნდეს როგორც დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული და წარმატებული ქვეყანა. საერთაშორისო პარტნიორები ადასტურებენ, რომ საქართველო არის დემოკრატიის ლიდერი რეგიონში. ამიტომაც, ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ასეთი იმიჯის კიდევ უფრო განმტკიცებას.

საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ყოველთვის განიხილავდა და მომავალშიც განიხილავს რეგიონალურ კონტექსტში. არ არის საქართველო იმ სიდიდის და შესაძლებლობების ქვეყანა, რომ აშშ-მა, ევროგაერთიანებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველო განიხილონ დამოუკიდებლად, როგორც ეს ხდება რუსეთთან ან თურქეთთან მიმართებაში. ამიტომაც, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თანამედროვე სამყაროში საქართველოს ამოგლეჯა რეგიონალური კონტექსტიდან შეუძლებელია. წარსულშიც იყო და დღესაც არის იმის მცდელობა, რომ, ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფად მომხდარიყო საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტურ სივრცეში. რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი მიმართულებაა, რომელზე მუშაობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს; მაგრამ, ის რასაც დღეისთვის მიაღწია საქართველომ, არის მაქსიმუმი. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მოხდა მეტი პროგრესი, არის რეგიონალური კონტექსტი. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ამა თუ იმ მისწრაფებაზე, ეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ რეგიონთან ერთად; უნდა შევეცადოთ, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ, მთლიანად რეგიონი მოექცეს ჩვენი უმთავრესი პარტნიორების სტრატეგიულ ინტერესებში. ამიტომაც არის აუცილებელი ჩვენს უშუალო მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა. საქართველო უნდა იყოს მოდელი, ნათელი მაგალითი მეზობელი ქვეყნებისთვის, თუ რისი მიღწევა შეიძლება აშშ-თან, ევროგაერთიანებასთან, ევრო-ატლანტურ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვძებნოთ შეხების ის წერტილები, სადაც საქართველოს შეეძლება დახმარება გაუწიოს აშშ-ს მისი სტრატეგიული ინტერესების განხორციელებაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები და პრიორიტეტები არის:  აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადიკალური ისლამური იდეოლოგიის დამარცხება და ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლა.ეს, საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხებია. ამიტომ, კარგად არის დასაფიქრებელი რამდენად შეუძლია საქართველოს იყოს აშშ-ის პარტნიორი ამ საკითხებში; ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების ღირებული ნაწილია, ის აქტიურად მონაწილეობს ნატოს ოპერაციებში, თანამშრომლობს აშშ-თან ავღანეთის და ერაყის საკითხებში.ისიც აღსანიშნავია, რომ ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობენ აგრეთვე, ჩვენი მეზობლები, რუსეთი და თურქეთი.ამიტომაც, შესაძლებელია საქართველომითანამშრომლოს აშშ-თან რადიკალური ისლამის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს დახმარება და თანამშრომლობა არ გულისხმობს აუცილებლად საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას, არამედ, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების, სასაზღვრო ძალების, არმიის, უშიშროების და საემიგრაციო სამსახურების გაძლიერებას.

აშშ-ის დახმარებით განხორციელებულ პროექტებს უდიდესი წვლილი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. 1992 წლიდან - მას შემდეგ, რაც აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მისია გაიხსნა თბილისში - დღემდე, 1.5 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების პროგრამები განხორციელდა საქართველოში, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაზე, დემოკრატიულ გარდაქმნებზე, ეკონომიკურ რეფორმებზე, ეკონომიკის განვითარებაზე.  ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  გაგრძელდეს აშშ-ის დახმარებით მიმდინარე პროექტები. ამ თემებზე აუცილებელია არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე, სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრების დროს საქართველოს ინტერესის გამოხატვა.

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ აშშ გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერის პოლტიკა, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის არ აღიარების პოლიტიკა. ეს ინტერესი მუდმივად უნდა იყოს გამოხატული ყველა დონის შეხვედრებზე. 

აუცილებელია ახალი ადმინისტაციის მუდმივი ინფორმირება საქართველოს საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, იმ ინტერესებზე რომელიც აშშ-ს შეიძლება გააჩნდეს ჩვენს რეგიონში. შეცდომაა იმის დაშვება, რომ ამერიკელებმა კარგად იციან რა ხდება საქართველოში. პირველ რიგში, აშშ კონცენტრირებულია მის უმთავრეს პრიორიტეტებზე, ამიტომაც შესაძლებელია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე არ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ახალი ადმინისტრაციის ფორმირების პირობებში ბევრი ახალი ხალხი მოდის ხელისუფლებაში და არსებობს, გარკვეული რისკი, რომ შემთხვევით ისეთი რამ არ გაიპაროს, რაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს როგორც ამერიკის, ასევე, საქართველოს ინტერესებისთვის. ამიტომაც არის აუცილებელი მათთან მუდმივი კონტაქტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უფრო აქტიურად გამოიყენოს ქართული დიასპორა აშშ-ში, რომელიც იზრდება და ძლიერდება. ბევრი ქართველი გახდა აშშ-ის მოქალაქე, რომლებსაც შეუძლიათ უფრო მეტად ჩაერთონ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში; ასევე, საკმაო რაოდენობის ახალგაზრდა და საშუალო თაობის ქართველი პროფესიონალი მუშაობს აშშ-ში, რომლებიც იმკვიდრებენ თავს ამ ქვეყანაში. ეს არის საქართველოს აქტივი, რომლებსაც სასურველია მიეცეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ გაეხსნათ გზა საქართველოში საქმიანობისთვის. ეს არის ადამიანთა ის კატეგორია, ვისაც შეუძლია ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში.

და ბოლოს, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ საქართველო არის ქართველების და საქართველოში მცხოვრები ხალხის სამშობლო. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრიფიქრობს, რომ ვიღაც ვალდებულია, მოვიდეს და შეგვიქმნას სახელმწიფო ინსტიტუტები, ააღორძინოს ეკონომიკა, დაამყაროს წესრიგი, დაამკვიდროს სამართლიანობა და ა.შ.  არავინ არის ვალდებული!

უნდა განვთავისუფლდეთ ასეთი ილუზიებისგან და გავიაზროთ, რომ ჩვენ ქვეყანას პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვუაროთ, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ქართული სახელმწიფოს შექმნა და მისი ფეხზე დაყენება. ამისთვის კი აუცილებელია ყოველდღიური და მიზანმიმართული შრომა. სხვაქვეყნების, მათშორის ჩვენისტრატეგიული პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მხოლოდ მეორადია ამ პროცესში; მათ მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლიათ. სწორედ ასეთი მიდგომებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება შესაძლებელი, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც სრულყოფილი სახელმწიფო, რომელიც სრულფასოვნად დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს, სახელმწიფო, რომელიც ტვირთი კი არ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, არამედ იქნება მათი ღირსეული და საიმედო პარტნიორი. 

ნანახია - 2515

armagedevani

2017-02-10 14:40:49


ბასილა ...

მეგრელი

2017-02-10 17:34:24

1. რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა რომელსაც შეუძლია აშშ გაანადგუროს. და პირიქით.ანუ სამხედრო თვალსაზრისით აშშ რუსეთს შორის არის თანაბარი სამხედრო პარიტეტი და ეს იცის ტრამპმაც და პუტინმაც.
2. მართალია რუსეთი თავის ბუნებრივი სიმდიდრით პლანეტა დედამიწის ყველაზე მდიდარი ქვეყანაა (72 ტრილიონ დოლარზე მეტი შეფასება) ეკონომიკური პოტენციალით ის მხოლოდ მე-6 ადგილზეა . (1. ჩინეთი -მსოფლიოს-17%,2 აშშ-15.82 .. 6. რუსეთი-3. 28% და ასე შემდეგ( წყარო: GDP based on PPP share of world total ). 2015 წელს ჩინეთის ეეპ იყო 19.5 ტრილიონ დოლარის ხოლო აშშ 17.9 ტრილიონი.(http://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.PP.CD ) -მსოფლიო მანკის მონაცემებით , ხოლო სავალუტო ფონდის მონაცემებით ეს ციფრები ასე გამოიყურება ჩინეთი-19.7 აშშ- 18.0 ტრილიონი. Gross domestic product based on purchasing-power-parity (PPP) valuation of country GDP . ანუ იმაზე თუ ვინ შეიძლება გახდეს პლანეტა დედამიწის დომინანტი ქვეყანა სამამომავლოდ -აშშ დარჩება თუ იქნება ჩინეთი ამაზე ციფრემი მეტყველებს. ეკონომიკის ამისთანა განვითარებით ჩინეთი სამხედრო თვალსაზრისით სულ მალე დაეწევა აშშ და რუსეთს და გაუსწერბს ახლო მომავალში კიდეც . ამიტომ ვფიქრობ არც აშშ და არც რუსეთს ეს არ უნდათ. პუტინის ვოაჟები პეკინში აშშ გაგზავნილი მესიჯი იყო. ან თავი დამანება ან შენი საქმე ცუდათ იქნება. ჩინეთთან მიმართებაში რუსეთ-აშშ სტრატეგიული გეგმები ერთმანეთს ემთხვევა. აშშ უკვე დაუწყო ჩინეთზე ეკონომიკური ომი რომელიც შესაძლებელია გადავიდეს არაეკონომიკურ ომში.თუმცა ნაკლებად სავარაუდოა მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი. თუ ,, ცივილიზაციების შეჯახების " გეოპოლიტიკურ თეორიას ვენდობით - პირველ ეტაპზე რა არის გათვალისწინებული ის უკვე მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში. მეორე ეტაპია ჩინეთი. ირანის გავლით .ეს შედის ისრაელის და საუდიდები ინტერესში . რამდენად ეს შედის რუსეთის ინტერესში უცნობია. ასე რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს როგორც მოკავშირეს ჩინეთთან დაპირისპირებაში ნაკლებად მოიაზრებს. მისგან ნეიტრალიტეტის შენარჩუნება კი ბისმარკის გამონათქვამის ტოლი იქნება :«Могущество России может быть подорвано только отделением от неё Украины… необходимо не только оторвать, но и противопоставить Украину России. Для этого нужно лишь найти и взрастить предателей среди элиты и с их помощью изменить самосознание одной части великого народа до такой степени, что он будет ненавидеть всё русское, ненавидеть свой род, не осознавая этого. Всё остальное — дело времени».
არავითარი თანამშღომლობა აშშ-რუსეთს შორის მინსკის შეთანხმებაზე არ იქნება. აშშ თამაშიდან ,, უკრაინა" გადის. გადაულოცა მერკელს. რუსეთს არ აინტერესებს გალიცია და ვოლინის მხარე. მას ინდა ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის მინიმუმ გარანტირებული ნეიტრალიტეტი მაქსიმუმ აღმოსავლურ ცივილიზაციაში მისი მიერთება.

1234

2017-02-10 19:47:39

ყოჩაღ ბასილია. ტყუილად არ დაგიკარგავს დრო ამერიკაში, გისწავლია :)
განსაკუთრებით ბოლო პარაგრაფს ვეთანხმები.
რეალპოლიტიკა ყოველთვის იყო ამერიკის პოლიტიკის ნაწილი, განსაკუთრებით კისინჯერიდან მოყოლებული. კისინჯერისგან განსხვავებით ტრამპმა დემოგოგია და ამერიკელების ქვენა გრძნოებებზე თამაში დაუმატა რაც განსაკუთრებით სახიფათოა ჩვენნარი პატარა ქვეყნებისთვის. თუ ის მციერე მორალური ღირებულებები და ლიბერალური იდეოლოგია (ადამიანის უფლების დაცვა, თვითგამორკვევა) გაქრება მსოფლიო წესრიგიდან რომელიც საქართველოს მის მსგავს პატარა ქვეყნებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იარსებონ და განვითარდნენ, მაშინ საქართველოს ძალიან გაუჭირდება. ვნახოთ. ზოგიერთი ამერიკელების მიერ საქართველოსთვის გაცემულ მილიარდ ნახევარ დოლარს პუტინის პროპაგანდის მსგავსად კომპენსაციას უწოდებს - როგორც რუსები უწოდებენ ამერიკისგან და ევროპისგან 90-იანებში მიღებულ მილიარდობით დახმარებას რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ კომპენსაციას. რაში უნდა გადაეხადა ამერიკას საქართველოსთვის კომპენსაცია? რა მართებდა? დამოუიკდებლობის დაბრუნებაში და ფეხზე დადგომაში რომ დაგვეხმარა, თუნდაც არაპირდაპირ და თავისი ინტერესების გასატარებლად? კომპენსაცია ვისაც აქვს მოსაცემი იმას უნდა მოთხოვოთ - რუსეთს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80