უცნაური საახალწლო ამბავი
საზოგადოება

უცნაური საახალწლო ამბავი

უცნაური საახალწლო ამბავი
სანტიაგო გაუჩო

2017-01-04 11:00:47

დღეს საახალწლო-სახალისო დაიჯესტს შემოგთავაზებთ, რომელსაც პირობითად „ხალხის ხმას“ ვუწოდებდი.

31 დეკემბერს ერთ თბილისელ ახალგაზრდა ქალბატონს მართლაც რომ უჩვეულო შემთხვევა გადახდა. ამ ქალის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ მის მიერ მოყოლილ ისტორიას სრულად გადმოგცემთ.    

„ეს მართლაც რომ კურიოზი წინასაახალწლოდ გადამხდა. 31 დეკემბერია და პეკინზე მაღაზიიდან მაღაზიაში დავდივარ, მოულოდნელად წინ 70 წლამდე, ხელჯოხიანი, გამხდარი და გაცვეთილპალტოიანი მოხუცი მამაკაცი გადამიდგა, მეგონა მათხოვარი იყო და ჯიბეში ხურდა ფულს დავუწყე ძებნა, მაგრამ მან ჩემდა გასაკვირად, ხრინწიანი ხმით ამოილუღლუღა:

- რაააამდენი წლიიიის ხააარ?

- 24-ის, - მივუგე გაკვირვებულმა.

- ორმაცდააათ... - დაიძახა მან და მუდარით მომაჩერდა.

- რა ორმოცდაათ, ბაბუ?! - გამიკვირდა მე.

- ორმოცდაააათ დოოოლარს მოოგცემ და გააავერთოთ... - ეშმაკურად მითხრა და მწვანე დოლარები დამანახა“.

ნება მომეცით კიდევ ერთი ქართული „სახალხო-საახალწლო“ ისტორია შემოგთავაზოთ. ამერიკაში რომ ვცხოვრობდე და ჰოლივუდში ვმოღვაწეობდე, ქვემოთ მოყვანილი შემთხვევის შესახებ ერთ გემრიელ მხატვრულ ფილმს გადავიღებდი.

გორის რაიონში ორი ძმაკაცი ცხოვრობდა. ერთად გაიზარდნენ და სკოლაც ერთად დაამთავრეს. გაჭირვების წლები რომ დადგა, ორივემ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა და შორ მანძილებზე, რაიონიდან რაიონში ან რაიონიდან თბილისამდე დაჰყავდათ მგზავრები. ერთი ძმაკაცი პატარაობიდან გამხდარი, შავი და მაკვარანცხი იყო და თანასოფლელებმა „ეშმაკა“ შეარქვეს, მეორე კი დინჯი, სერიოზული ბავშვი იყო და, ყოველთვის, როცა რამე გაუკვირდებოდა, „ღმერთო ჩემოო“, - ამბობდა. ამის გამო მეზობლის ბიჭებმა „ღმერთო“ შეარქვეს და ამ მეტსახელებით იცნობდა მათ ყველა.

ეს ამბავი აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა. ზამთარია, შობის ღამე დგება და უმოწყალოდ ბარდნის. ეშმაკამ მგზავრები კასპში ჩაიყვანა და უკან ბრუნდება.

უცებ ვიღაც კაცმა აუწია ხელი. ისეთი მთვრალია, ფეხზე ძლივს დგას. გააჩერა ტაქსი და მძღოლს ეუბნება, ოღონდ უარი არ მითხრა და ას დოლარს მოგცემს, ჩემს სოფლამდე თუ მიმიყვანო და ცხინვალის რაიონის ერთ-ერთი სოფელი დაუსახელა. ეშმაკას გაუხარდა: მაინც იქით მივდივარ და ასი დოლარი ნამდვილად არ მაწყენსო, - გაიფიქრა. ჩაუჯდა მთვრალი კაცი და წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მგზავრი ეუბნება, გავიცნოთ ერთმანეთი, ამაღამ შობაა და, ეტყობა, ღმერთმა შეგვახვედრა, მე ნოდარი მქვიაო. მე კი ეშმაკაო, - უპასუხა მძღოლმა. მგზავრს, ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა ამის გაგონება, მაგრამ, ზრდილობის გამო უთხრა, სასიამოვნოაო. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ამინდით დაიწყეს, სპორტზე გადავიდნენ და, ის იყო, პოლიტიკასაც შეეხო მათი საუბარი, რომ მანქანა გაჩერდა. საწვავი გამითავდაო, - თქვა ეშმაკამ და გაბრაზებულმა ხელი დაჰკრა საჭეს, მაგრამ, მგზავრი გაამხნევა, - ჩემს სოფელთან ვართ გაჩერებული და რამეს მოვიფიქრებო. მგზავრი შეშინდა - ეს მძღოლი მართლა ეშმაკს ჰგავს და რამე არ მიქნასო. მერე უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სთხოვა: იქნებ რამე მოიფიქრო, სახლში ხალხი მელოდება და შობის დადგომამდე როგორმე იქ უნდა ვიყო, თორემ, ძებნას დამიწყებენ და, მიწაში რომ ჩავძვრე, მაინც მიპოვიან, მაგრამ, არ მინდა, შევაწუხო, დიდი კაცები არიან და უხერხულიაო, - მგზავრმა, თავისი ჭკუით, მძღოლი შეაშინა.

- ახლა ნახე, რა სასწაული მოვახდინო! - თქვა ეშმაკამ, მერე აიღო მობილური, აკრიფა ნომერი და ძალიან მოწიწებით წარმოთქვა: - ღმერთო, ბენზინი გამითავდა და შენგან ას მეტრში ვარ, მანქანაში კი მგზავრი მიზის, რომელიც სახლამდე უნდა მივიყვანო. გევედრები, მიშველე!

ამ მონოლოგს გამოფხიზლებული კაცი შიშით უგდებდა ყურს, მაგრამ, მისმა შიშმა ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა გაიგონა, როგორ ბუყბუყით ივსებოდა ტაქსის ავზი. გულგახეთქილმა მინა ჩამოსწია და დაინახა, თეთრებში შემოსილი კაცი (უცნობის ლაბადა ფანტელებით იყო დაფიფქული და მგზავრს თეთრ მოსასხამად მოეჩვენა), როგორ „მიცურავდა“ უზარმაზარ ფიფქებში.

- ვაიმე, მართლა ღმერთმა გვიშველაო, - აღმოხდა მგზავრს და გული წაუვიდა.

დიდხანს უმტკიცებდა რის ვაი-ვაგლახით მოსულიერებულ მგზავრს ეშმაკა, ღმერთს როგორ დავურეკავდი, ჩემს ძმაკაცს ჰქვია „ღმერთო“ და იმან ჩაგვისხა ბენზინიო, მაგრამ, ვერაფრით ვერ დაარწმუნა. ის კაცი კი, დღემდე, სადაც მიდის, ყველგან ყვება, როგორ გადაარჩინა თეთრებში შემოსილმა ღმერთმა გზაში გაყინვას“.

ჩემს ერთ ნაცნობს ახალი წლის ღამეს მართლაც „ორიგინალური“ შემთხვევა გადახდათავს. მის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებ.

„არ ვიცი, იმას, რაც მე წლების წინ ზუსტად ახალი წლის ღამეს შემემთხვა, კურიოზი ჰქვია თუ სასწაული. ალბათ, ორივე ერთად.

ცოტა შორიდან დავიწყებ.

ახალგაზრდა რომ ვიყავი, მიყვარდა გოგონა, რომელმაც ერთ დღეს გამომიცხადა, ორსულად ვარო. ამ ფაქტმა ისე დამაფრთხო, რომ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და ვითომ ერთი თვით წავედი რუსეთში, მაგრამ, ეს ერთი თვე თითქმის ხუთ წელიწადს გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკავს ეკასთვის. იქ რაღაც სამსახური ვიშოვე და იმდენი კი მქონდა, რომ თავი გამენებივრებინა. სიმართლე გითხრათ, უკან ჩამოსვლას აღარც კი ვგეგმავდი, მაგრამ, მამა გარდამეცვალა და იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი. მამის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ გამახსენდა ეკა და დავინტერესდი, ნეტავი, ბავშვი თუ გააჩინა-მეთქი და გადავწყვიტე, ეს ამბავი გამერკვია, თუმცა, ვერაფერი გავიგე. ერთ დღესაც, ვაიძულე თავი და დავურეკე, მაგრამ, მიპასუხეს, უკვე სამი წელია, აქ აღარ ცხოვრობენ და სად გადავიდნენ, არ ვიცითო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი მყავდა და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მეპოვა. თან, ჯერ სამსახურიც არ მქონდა ნაშოვნი და მთელი დღეები უსაქმოდ დავყიალობდი. ჩემი ძმაკაცები ათას ღობე-ყორეს ედებოდნენ, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ, რომ ორი კაპიკი ეშოვათ, მე კი ყველა შემოთავაზებაზე ტუჩს ვიბზუებდი – არ ვკადრულობდი.

ახალ წლამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი თოვლის ბაბუად მუშაობდა (მაშინ თბილისში ეს საქმე „ახალი ხილი“ იყო), მაგრამ, ზუსტად 29 დეკემბერს ფეხი მოიტეხა და, რადგან ყავარჯნებით ვერ ივლიდა კარდაკარ, მთხოვა, 31 დეკემბრის ღამის გამოძახებებზე შენ წადი ჩემ მაგივრადო. ჯერ კინაღამ გადავირიე, მაგრამ, ძალიან უფულოდ ვიყავი და, რადგან იმ გამოძახებების ფული მე უნდა ამეღო, დავთანხმდი.

დადგა 31 დეკემბერი. მივედი ოფისში, ჩამილაგეს საჩუქრები და მომცეს მისამართებისა და ბავშვების სახელების სია, ვისთანაც უნდა მივსულიყავი. სულ ცხრა მისამართი მქონდა. მესამე ოჯახიდან უკვე ბანცალ-ბანცალით გამოვედი. ჩავსხედით მე და ჩემი ფიფქია ჩვენს მანქანაში და ვაჟა-ფშაველასკენ გავემართეთ (საჭეს ფიფქია მიუჯდა). ჯერ კვარტალს ძლივს მივაგენით, მერე – კორპუსს. მივადექით ლიფტს და – არ მუშაობს. არადა, მეთერთმეტე სართულზე უნდა ავიდეთ. ავყევით კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით და, ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ, აღმოჩნდა, რომ კორპუსი ცხრასართულიანი იყო. ალბათ, მისამართი არასწორად ჩამიწერეს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ისე ვიყავი გასავათებული, უკან რაღა დამაბრუნებდა. ბინის ნომერზე არც კი შემიხედავს, ისე დავაჭირე ზარს თითი, თან ჩემი მისასალმებელი ტექსტი გავიმეორე გუნებაში. ვდგავართ, ველით, მაგრამ, კარს არავინ გვიღებს. საათს დავხედე – ორის ნახევარია. მივაჭირე თითი ზარის ღილაკს და აღარ ავუშვი. რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხის ხმა მომესმა და ნამძინარევმა ხმამ იკითხა, ვინ არისო. მე ჩემი მისასალმებელი ლექსის პირველი სტროფი მივაგებე. ძლივს გავაგებინეთ, ვინც ვიყავით, მაგრამ, კარს იქიდან გვიპასუხეს, თოვლის ბაბუა ჩვენ არ გამოგვიძახიაო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც, გაიღო კარი, მაგრამ, ნამძინარევ დიასახლისს რომ შევხედე, მომენტალურად გამოვფხიზლდი და მთელი ხმით შევყვირე, ვაი-მეთქი – ჩემ წინ გაოცებული ეკა იდგა. გული რომ არ წამსვლოდა, კედელს მივეყრდენი და ფიფქიას ვანიშნე, საქმისთვის მიეხედა, მაგრამ, ამ დროს ოთახიდან გამობაჯბაჯდა ღამის პიჟამაში გამოწყობილი პატარა არსება, რომელიც პირდაპირ მე მომადგა, ცნობისმოყვარედ ამომხედა და მკითხა: „შენ ჩემი მამიკო ხარ? დედიკომ მითხრა, მამა ახალ წელს მოვაო“... ამას კი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა, რადგან, ჩემ წინ მართლაც ჩემი შვილი იდგა – ჩემი ასლი, ჩემი ალი და კვალი – და, იატაკზე მოვადინე ბრახვანი.

მართალია, მთელი ერთი კვირა რეანიმაციაში ვიწექი გულის მიოკარდიული შეტევის გამო და კინაღამ წერილიც წავიღე, მაგრამ, მაინც გადავრჩი – ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ჩემი ბიჭი უმამოდ არ გაზრდილიყო და მე და ეკას კიდევ ორი შვილი გაგვეჩინა.

ჩვენი სამი ვაჟკაცი უკვე დიდები არიან და იმ სასწაულს ზღაპარივით უყვებიან თავიანთ მეგობრებს.

მე რომ არ დავმთვრალიყავი და მისამართი არ ამრეოდა, ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი. ასე რომ, ზოგჯერ დათრობასაც აქვს გამართლება“.

ნანახია - 3027

natali

2017-01-04 11:17:39

და ეს ეკა ასე იჯდა 5 წელი და ელოდებოდა შვილსგან შეშინებულ გაქცეულ კაცს, რომ მერე მისგან კიდევ ორი გაეჩინა? :))) ვერ უშოვნა ახალი მამები თავის შვილს? თან უმუშევრები კი არა, ვინმე მილიონერები ან მათი შვილები?:))ალოდინა ბავშვს 5 წელი, ბოლოს ეს იდიოტი რომ ენახა?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80