"რუსეთის შემდგომი სამიზნე - კავკასია და უკრაინა"
დაიჯესტი

"რუსეთის შემდგომი სამიზნე - კავკასია და უკრაინა"

"რუსეთის შემდგომი სამიზნე - კავკასია და უკრაინა"
რეზონანსი

2016-12-31 10:27:18

"თუ სირიის საკითხი რუსეთ-თურქეთ-ირანმა ბოლომდე მიიყვანეს, რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური აქტივობის შემდგომი სამიზნე უკრაინა და კავკასია იქნება", - ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას. როგორც გუშინ რუსული მხარის მიერ გახდა ცნობილი, სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და დღეს, 30 დეკემბერს, უკვე ამოქმედდება. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება, რათა ეს შეთანხმებები ძალაში შევიდეს და მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს და რეგიონის ყველა ქვეყნებს მხარი დაუჭირონ შეთანხმებას და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც ასტანაში გაიმართება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "რუსეთის შემდგომი სამიზნე - კავკასია და უკრაინა" / სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეიდან ამოქმედდება.



"ახლახან მოვიდა ინფორმაცია, რომ მოხდა ის, რასაც არა მხოლოდ დიდხანს ველოდით, არამედ რისი დადგომისთვისაც ბევრი ვიმუშავეთ. ხელი მოეწერა სამ დოკუმენტს - პირველი დოკუმენტი ეხება სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც ხელი მოაწერეს სირიის მთავრობამ და შეიარაღებულმა ოპოზიციამ. მეორე დოკუმენტი - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის ღონისძიებებს ეხება, ხოლო მესამე დოკუმენტი შეეხება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ამასთანავე, ვლადიმირ პუტინი ეთანხმება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინადადებას, სირიაში ფედერაციის სამხედრო ყოფნის შემცირების თაობაზე. თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი "რა თქმა უნდა გააგრძელებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მომავალშიც მხარდაჭერას გაუწევს სირიის კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში". რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიელი მეამბოხეების შვიდი დაჯგუფებაც დაასახელა, რომლებიც გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეუერთდნენ. ესენი არიან: "ფეილაყ აშ-შამ", "ახრარ აშ-შამ", "ჯეიშ ალ-ისლამ", "სუვარ აღი-შამ", "ჯეიშ ალ-მუჯაჰიდინ", "ჯეიშ იდლიბ", "ალ-ჯაბჰათ აშ-შამია". იმ მეამბოხეების საერთო რაოდენობა, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეუერთდნენ, 60 ათას ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ ვრცელდება ე.წ. "ისლამური სახელმწიფოსა" და "ჯაბჰათ ან-ნუსრას" ტერორისტულ ორგანიზაციებზე", - აღნიშნავს გამოცემა.



"ცეცხლის შეწყვეტაზე მზაობას გამოთქვამს თურქეთის მხარეც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, "თურქეთი მიზნად ისახავს სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ახალ წლამდე და რუსეთთან ერთად იმოქმედებს, როგორც შეთანხმების გარანტი". ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეთანმება რუსეთის წარმატებული შედეგია - "ჩვენ "რეზონანსის" ფურცლებზე ბევრჯერ აღვნიშნეთ დასავლეთის პასიურობის და არასწორი გათვლების შესახებ. უდავოდ, აღნიშნული შეთანხმება რუსეთის სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობის წარმატების შედეგია. ჩვენთან ამ რეალობის აღიარება მოდაში არაა, რაც ასევე დიდი შეცდომაა", - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის თქმით, "ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში მხოლოდ რუსეთის კრიტიკით და ახალი სანქციებითაა დაკავებული. მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებებს აკრიტიკებს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მოუწოდებს ამერიკელებს უფრო მეტად შიდა პრობლემებს მიხედონ", - განაგრძობს გამოცემა. 



"ფაქტია, რომ სირიაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კრემლი უკვე გარკვეულ ვითარებას დაახვედრებს და დონალდ ტრამპს მოუწევს ამ რეალობის შედეგად დაიწყოს მოქმედებები. რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, მას ხელი ასადის დაპირისპირებული ძალების შვიდმა გავლენიანმა საველე მეთაურმა მოაწერა. მათ დაქვემდებარებაში, საერთო ჯამში, 62 ათასი მებრძოლი და დიდძალი სამხედრო ტექნიკაა, მათ შორის ტანკები და არტილერია. კრემლმა მოუწოდა სირიის კონფლიქტის და ზოგადად რეგიონის მოთამაშეებს, ერაყს, საუდის არაბეთს და სხვებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნება სტაბილური მშვიდობის შენარჩუნება, შეუერთდნენ აღნიშნულ შეთანხმებას. თუ გავითვალისწინებთ დონალდ ტრამპის პოზიციას, დიდი ალბათობით ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.



"ყოველივე ეს აძლიერებს რუსეთის გავლენას ახლო აღმოსავლეთში, აძლიერებს ასადის პოზიციებს. სავარაუდოდ, სირიის მომავალი მოწყობის საკითხი რუსეთის და მისი ამჟამინდელი მოკავშირეების სცენარით წარიმართება. ევროპის გავლენა სირიის პროცესებზე, ფაქტობრივად, განულებულია. თუ სირიის საკითხი რუსეთ-თურქეთ-ირანმა ბოლომდე მიიყვანეს, რუსეთის სამხედრო-დიპლომატიური აქტივობების შემდგომი სამიზნე უკრაინა და კავკასია იქნება. ნიშანდობლივია გუშინდელი დანიშვნაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ლავროვის მოადგილედ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალი ანტონოვი დაინიშნა. ის საგარეო უწყებაში სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების მიმართულებას გაუწევს კურირებას. ეს მიუთითებს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ენერგეტიკის გარდა სამხედრო შემადგენელიც ძლიერდება. ეს გარემოებები კარგად უნდა გაანალიზდეს და გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამ", - დასძენს სალუქვაძე.



interpressnews.ge


 

ნანახია - 1412

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80