ერთი-ორი, ერთი-ორი, შემცირებები...
პოლიტიკა

ერთი-ორი, ერთი-ორი, შემცირებები...

ერთი-ორი, ერთი-ორი, შემცირებები...
თეონა მანაგაძე

2016-12-28 17:30:34

თავდაცვის სამინისტრო უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სურვილით ხსნის და ამ თვალსაზრისით შედეგისდადებას უახლოეს მომავალში პროგნოზირებს, ოპოზიცია კი, საპირისპიროს ამტკიცებს და ხელისუფლებას საშტატო ერთეულების ჯერ ხელოვნურად გაზრდის და შემდეგ შემცირების გამო მკაცრად აკრიტიკებს.

ლევან იზორიას უწყება განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტრომ 209 სამხედრო პირს კომპენსაცია მისცა და ამჟამად, 160 სამხედრო მოსამსახურე კადრების განკარგულებაში იმყოფება. გენშტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძე ფიქრობს, რომ ოპტიმიზაციის პროცესი  მტკივნეულია, მაგრამ გარდაუვალი და აუცილებელია.

ჯაბახიძე აცხადებს, რომ თავდაცვის უწყებაში საშტატო ერთეულები ხელოვნურად გაბერილია და „ქამრების შემოჭერის“ პროცესი დაწყებულია არა დაბალი თანამდებობის პირებიდან, არამედ ცვლილებები თავდაცვის მინისტრის მრჩევლებსაც შეეხო.

„ის პირადი შემადგენლობა, რომელიც ამ ეტაპზე დარჩენილია, კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და იმაზე ვმუშაობთ, რომ მათი დასაქმება ისევ შეიარაღებულ ძალებში მოხდეს. დაბალი თანამდებობის პირებიდან „ქამრების შემოჭერა“ არ დაწყებულა. ერთ-ერთი პირველი, ვისაცრეორგანიზაცია შეეხო, მრჩევლების ინსტიტუტი იყო. მათ შორის, თავდაცვის მინისტრის მრჩევლებიც იყვნენ. ეს ეროვნულ გვარდიაში არსებულ შტატსაც შეეხო. ასე რომ, რეორგანიზაცია მხოლოდ დაბალ დონეებს არ შეეხო“, - აცხადებს ჯაბახიძე.

for.ge-ს კითხვის საპასუხოდ, ოპტიმიზაცია შეეხო თუ არა „გმირის“ სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს, გენშტაბის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ  უწყება მებრძოლებისა და გმირების ოჯახებზე ზრუნავს.

ჯაბახიძე ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროდან გმირების ოჯახის წევრების გათავისუფლების მსგავსი პრეცედენტიარყოფილა.

„დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენი მებრძოლების და გმირების ოჯახებზე ვზრუნავთ. განსაკუთრებით, მეუღლეებზე,რომელთა დიდი ნაწილი დასაქმებულია შეიარაღებულ ძალებში“, - აღნიშნავს ჯაბახაძე, რომლის ცნობითაც, ოპტიმიზაცია ძალიან მალე დასრულდება.

გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, სამსახურიდან გაშვებულთა ძირითად ნაწილს კომპენსაცია მიეცა, რომელიც 10 ათასი ლარიდან 29 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

„კომპენსაცია 209 სამხედრო მოსამსახურეს - ოფიცერს მიეცა, მაგრამ ამ ეტაპზე, კადრების განკარგულებაში 160 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ამ პროცესის  შედეგს უახლოეს მომავალში დავინახავთ, რაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება. სტრუქტურული რეორგანიზაცია იმ სტანდარტებთან მიახლოებული უნდა იყოს, რომელიც რეკომენდებულია უცხოელების მიერ. ოპტიმიზაციის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია მომხდარიყო და ეს საშტატო ერთეულებს შეხებოდა, რომელიც გაბერილიიყო. ეს პროცესი მტკივნეულია, მაგრამ გარდაუვალია“, - ამბობს ჯაბახიძე.

ჯაბახაძის ინფორმაციით, საერთო ჯამში, კომპენსაციების რაოდენობა 5 მილიონ ლარს აღემატება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციების მიცემას აუცილებელ პირობად მიიჩნევს, თუმცა,მმართველ გუნდს წლების განმავლობაში წარმოებულ პოლიტიკას ახსენებს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მთავრობის არასწორმა საქმიანობამ ის შედეგი გამოიღო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იმ ადამიანების სამსახურიდან გასათავისუფლებლად უნდა იყოს გამოყოფილი, რომელებიც ზედმეტად ჰყავდათ აყვანილი.

აბესაძის განცხადებით, გასულ იოთხიწლისგანმავლობაში, ყველა სახელმწიფო უწყებაში ბიუროკრატიის გაზრდა ხელოვნურად მოხდა და 2012 წელთან შედარებით, 300 მილიონი ლარის დანამატი და პრემია გაიცა.

დეპუტატის მოსაზრებით, სახელმწიფოში მძიმე ეკონომიკური ვითარება ამ კომპონენტმაც შექმნა, რამაც საბოლოო ჯამში, მთავრობა აიძულა, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად თითქოს რადიკალური ნაბიჯები გადადგას.

„მათ რაშიც შეიძლება დაეთანხმო, ისაა, რომ ხარჯების ათი პროცენტით შემცირება შეიძლებოდა, მაგრამ ბიუჯეტის მაგალითზე ვნახეთ, რომ შრომის ანაზღაურების ფონდი 3,4 პროცენტით შემცირდა. მოსახლეობა აქაც მოტყუებული აღმოჩნდა. თავდაცვის სამინისტრო ის უწყება იყო, რომელსაც შემცირება ყველაზე ნაკლებად უნდა შეხებოდა, თუმცა ჯარისკაცების ანაზღაურების ფონდი 48 მილიონი ლარით შემცირდა და ჯარის პროფესიონალური კუთხით დაკომპლექტების პრობლემა გვაქვს“, - აცხადებს დეპუტატი.

აბესაძის თქმით, გასული წლების მანძილზე, მილიონობით ლარი შრომის ანაზღაურებაზე იხარჯებო და ახლა სახელმწიფომ მილიონები ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლების გამო უნდა გადაიხადოს.

„თუკი საშტატო ერთეულები ხელოვნურად იყო გაზრდილი, „საჯარო სამსახურის შესახებ“კანონი უნდა დაიცვან და კომპენსაციები გასცენ, რაც პრობლემაა, რომელიც მთავრობის არასწორმა საქმიანობამგამოიღო, რადგან მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ ადამიანების გასათავისუფლებლად უნდა იყოსგამოყოფილი, რომელიც ზედმეტად ჰყავდათ აყვანილი“, - დასძენს აბესაძე.

ოპოზიციისგან განსხვავებით, თავდაცვის სამინისტროში არსებულ ოპტიმიზაციას იმედის თვალით უყურებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, ლევან იზორიას მართლაც ამბიციური გეგმები აქვს დასახული, რომელიც რეალისტურია და მას მისი სრული მხარდაჭერა აქვს.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ უწყებაში ოპტიმიზაციის პროცესი აბსოლუტურად სწორად მიმდინარეობს.

„ოპტიმიზაცია ის სფეროა, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის თავდაცვის უწყების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. სამოქალაქო პერსონალის ბედი მნიშვნელოვანია და გამიხარდა, რომ მინისტრის ბრძანება არსებობს, რითაც კომპენსაციები გაწერილია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ თავდაცვის უწყებაში სტრუქტურა არაადეკვატურად გაზრდილი იყო და დისბალანსია უფროს და უმცროს სოფიცრებსშორის. რიგითმა ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ ის გენერალური შტაბის ხელმძღვანელიგახდება. თუ კარიერული პროცესი არ დავგეგმეთ, ძირითადი ხერხემალი მოირღვევა. ეს პროცესი მტკივნეულია, თუმცა გარდაუვალი და ოპტიმიზაცია ყველაზე ნაკლებად სამხედროებს შეეხებათ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მართალია, მთავრობამ ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაიწყო და ოპტიმიზაციის პროცესსაც ამით ხსნის, მაგრამ სახელმწიფო უწყებებში საშტატო ერთეულები ხელოვნურად გაბერილი რომ იყო და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი რომ იხარჯებოდა, ამის თაობაზე, ოთხი წლის მანძილზე, საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიცია საუბრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა ეს პრობლემა ახლა აღმოაჩინა, როცა ხელისუფლება ლარის კურსის გაუფასურებას ებრძვის და ამ მიზნით, ე.წ. ლარიზაციაც დაიწყო. 

ნანახია - 2860

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80