საზოგადოება

საბჭოთა პერიოდში დაზარალებული ოთხი კონფესია დაფინანსდება

საბჭოთა პერიოდში დაზარალებული ოთხი კონფესია დაფინანსდება
მანანა ნოზაძე

2014-01-28 09:10:49

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხი კონფესია დაფინანსდება - მუსლიმანური რელიგია, გრიგორიანული, კათოლიკური და იუდაიზმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. უკვე ცნობილია, რომ სხვადასხვა რელიგიური კონფესიები დაახლოებით 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ და სახელმწიფო იმ რელიგიურ გაერთიანებებს აუნაზღაურებს ზარალს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე აქამდე მთავრობა ზარალს უნაზღაურებდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში არანაკლები ზარალი მიიღეს, დახმარების მიღმა რჩებოდნენ. ზაქარეიშვილის განმარტებით, ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ამ თემაზე მუშაობა დაიწყო.

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს მორწმუნე ადამიანების 90%, სხვა რელიგიური გაერთიანებების ზარალის შესწავლა კი თანდათანობით მოხდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ოთხი კონფესიის დაფინანსებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია უფლებადამცველებში. სახალხო დამცველის_ უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ისეთი მოდელი უნდა შეიქმნას, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არცერთ მსხვილ კონფესიას არ ჩააყენებს.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას იწონებს, მაგრამ პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ დისკრიმინაციული წესი აღარ იქნება და მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აღარ დაფინანსდება დოტაციის პრინციპით. თუმცა, მისი აზრით, დოტაციური გზით რელიგიური ჯგუფების დაფინანსება შეიძლება გახდეს ბერკეტი სახელმწიფოსთვის რელიგიურ ჯგუფებზე გავლენის მოხდენისა და გაკონტროლებისთვის.

მისი აზრით, მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიღმა დატოვა სხვა რელიგიური ჯგუფები: პროტესტანტები, კრიშნაიდული ორგანიზაციები და სხვა აღმოსავლური რელიგიები. ასევე, ათეისტური მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები.

მთავრობის გადაწყვეტილებით გახარებულია სრულიად საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე, რომლის თქმითაც, მათ არაერთი ხელისუფლებისთვის მიუმართავთ სახელმწიფო დაფინანსების თხოვნით, რადგან მათი ინტერესია, ხელფასი ქართული წყაროდან აიღონ. მოტივი მარტივია, ისინი ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გააგრძელა ბატონი ბიძინას კვალი“, - აცხადებს ჯემალ პაქსაძე.

ოთხი რელიგიური კონფესიის ბიუჯეტიდან დაფინანსებას ანტისეკულარულ ნაბიჯად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე. იგი პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავებას მოელის, რადგან ეს ნაბიჯი არ არის მოტივირებული სხვადასხვა კონფესიების მიმართ „თანასწორი“ და „სამართლიანი“ მიდგომის სურვილით. მისი შეფასებით, მოტივი დასავლეთიდან მომავალ კრიტიკაზე რაიმე ფორმით რეაგირების სურვილია, მაგრამ ამით ვერ გადაიფარება ვერც ჭელა, ვერც სამთაწყარო, ნიგვზიანი და ვერც „ფაშისტების მომრავლება“ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებსა და ვერტიკალში.

თუ რა დააშავეს ბაპტისტებმა, 50-იანელებმა და ლუთერანებმა,  ამით „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ინტერესდება.

ოთხი კონფესიის დაფინანსებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ტარიელ სიკინჭილაშვილ. მან For.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ, რადგან ამ ოთხი კონფესიის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ, უნდა დაფინანსდეს კიდეც. მეტიც, რაც მეტი იქნება დაფინანსებული და მდიდარი ხალხი, მით უფრო ეშველება ქვეყანას და ნაკლები გაჭირვებული იქნება.

„ღმერთმა ჩვენს მთავრობას მისცეს იმის თანხები, არა თუ ეს კონფესიები, არამედ სხვებიც_ბაპტისტები და ა.შ. დაფინანსოს. გაჭირვებული ხალხის ყოფნა ქვეყნისთვის კარგი არაა. ისე კი, ზოგიერთ კონფესიას რაც შეეხება, ისინი დასავლეთისგანაც ფინანსდებიან და ჩვენი დასახმარებელი არ სჭირთ, მაგრამ ეს მთავრობის ნებაა. ეკლესიასთან რომ მივდივართ, ბევრი ადამიანია ხელგამოშვერილი, მათ შორის, ზოგი მდიდარია, ზოგი მართლაც ღატაკი. ჩვენ არავის გამოკითხვას არ ვიწყებთ, თუ რამდენი შემოსავალი აქვთ. ვინც ითხოვს, ითხოვდეს და მიეცეს. თანაც, მიეცეს ყველას შემოსავალი ისე, როგორც სწამდეს და როგორც უნდოდეს და არ აქვს მნიშვნელობა, ვის რამდენი თანხა აქვს. მადლობა ღმერთს, რაც გვექნება, ჩვენ იმას ვიმყოფინებთ. აქამდე არ გვქონია დახმარება და არ დავხოცილვართ, არაფერი შეშლია სულიერებას. სულაც რომ არ გვქონდეს დაფინანსება, ამით ხელი არ შეგვეშლება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - გვითხრა მამა ტარიელმა.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, თუკი ლაპარაკია საბჭოთა კავშირის დროს დაზარალებულ კონფესიებზე, მაშინ უნდა დავაფინანსოთ ის კონფესიებიც, რომლებიც იმ პერიოდში საქართველოში იყო. ზოგიერთი კონფესია ამ ოთხეულში არ შედის (მაგალითად, ევანგელისტ-ბაპტისტური ეკლესია), მაგრამ ისინი ნამდვილად იყვნენ რევოლუციამდე. ასე რომ, ლევან აბაშიძე უფრო ომბუდსმენის პოზიციას იზიარებს, რომ დაფინანსებულთა სია უნდა გაიზარდოს.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების თანახმად, პრინციპად აღებულია ე.წ. „ტრადიციული“ რელიგიები, თუმცა რა არის ტრადიციული, ესეც გასარკვევია, რადგან თუნდაც პროტესტანტულ მიმდინარეობას ას წელიწადზე დიდი ხნის ისტორია აქვს საქართველოში. ამდენად, შეიძლება ითქვას, ესეც ტრადიციული მიმდინარეობაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საბჭოთა კავშირის დროს ამ ხუთი კონფესიის გარდა, სხვა კონფესიებიც იყვნენ და, რასაკვირველია, ისინიც დაზარალდნენ“, - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

იმ აზრს, რომ თანამედროვე კონფესიებს ისედაც ჰყავთ მდიდარი დამფინანსებლები დასავლეთში და მათთვის თანხების დამატებით მიცემა გაუმართლებელია, თეოლოგი არ ეთანხმება. მისი თქმით, უცხოეთიდან შეიძლება, მართლმადიდებელი ეკლესიაც დაფინანსდეს და სომხური ეკლესიაც, მაგრამ ამ ეკლესიების დაფინანსება ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, შიდა საქმეა, რადგან ჩვენი მოქალაქეები შეადგენენ ამ კონფესიებს. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების მიმართ თანასწორობის პრინციპი არ უნდა დაირღვას.

მეტიც, თეოლოგის თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, როგორც მორწმუნეთა რაოდენობა ამა თუ იმ კონფესიაში, ასევე, ზარალის რაოდენობა, რაც მათ მიადგათ საბჭოთა კავშირის დროს. დაფინანსების პრინციპი კი შეიძლება იყოს მრევლის რაოდენობის მიხედვით, ან იმის გათვალისწინებით, თუ რა ზარალი მიადგათ, რამდენი ეკლესია დაუნგრიეს ამ კონფესიებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს ეკლესიებისა და სხვადასხვა რელიგიური მიმართულებების დაფინანსების მეთოდები. ეს შეიძლება იყოს პირდაპირი დაფინანსება, ან კიდევ - გადასახადი, რომლებსაც მოქალაქეები იხდიან და თავადვე მიუთითებენ, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას უნდა მოხმარდეს ეს თანხა, არსებობს სოციალური, საგანმანათლებლო პროგრამები.

მისი თქმით, იმ რეპრესიებისა და ზარალის სხვა კონფესიებთან შედარება, რაც საბჭოთა პერიოდში მიიღო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თანაბარი არ არის, მაგრამ ამ პრინციპით სხვა კონფესიების დაფინანსებაში გიგი წერეთელი ლოგიკას მაინც ხედავს და არ ფიქრობს, რომ ოთხი კონფესიის დაფინანსება რაიმე საფრთხის შემცველია.

„თუ მათი დაფინანსების გზას გაყვება მთავრობა, მაშინ უნდა შექმნას კომისია და შეისწავლოს, ვინ რა ზარალი მიიღო ამ ხნის განმავლობაში. ალბათ, მოუწევთ, სხვა კონფესიებისთვისაც კომპენსაციის გაცემა. არსებობს დიდი რელიგიური გაერთიანებები - ლუთერანული, ევანგელისტური, ბაპტისტური, 50-ელები, ადვენტისტები, დუხობორები და ზარალი შეიძლება, სხვებმაც განიციდეს. ბევრი იქნება ისეთი, ვინც იტყვის, ჩვენც გვეკუთვნის დაფინანსებაო. ამიტომ კრიტერიუმები კარგად უნდა ჩამოყალიბდეს და უნდა დაიდოს დასკვნა. ჩვენ როცა მივიღეთ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შეთანხმება, ე.წ. კონკორდატი, იქაც ჩაწერილი იყო, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ სერიოზული ზარალი მიიღო საბჭოთა პერიოდში. ესეც გახდა ერთ-ერთი საფუძველი, რომ სახელმწიფოს ამ ზარალის ნაწილობრივი კომპენსირება მოეხდინა. 

ნანახია - 985