დაიჯესტი

ვის მოხსნის ახალი წლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი?!

ვის მოხსნის ახალი წლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი?!
ნინო სამხარაძე,"კვირის ქრონიკა"

2013-12-31 19:18:58

2013 წელი "ნაციონალებს" შხამიანი გველის ნაკბენივით დაამახსოვრდებათ, "ნაციონალები" გველის წელიწადმა ციხის გზაზე დააყენა. გააჭენებს თუ არა სამართალი 2014 წელს ცხენის წელიწადში, ამას მალე ვიხილავთ. თუმცა ამ ეტაპზე დამუხრუჭება ხელისუფლების მხრიდან, მარცხის დასაწყისი ქნება. სწორედ ამ მიზნით ქვეყნის პრემიერმა არ გადააყენა მთავარი პროკურორი, რომელსაც "ნაციონალებმა" სკანდალი აუგორეს.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ადვოკატი ვალერი გელბახიანი შეაჯამებს განვლილ ერთ წელს და იმ პროგნოზებსაც დადებს, რა პოლიტიკური ცვლილებები გველოდება 2014 წელს.

- როგორ ფიქრობთ, განვლილმა წელიწადმა რა პოზიტიურიდა ნეგატიური ცვლილებები მოუტანა ქვეყანას, როგორ აფასებთ მმართველი გუნდის მუშაობას?
- ადამიანის ინტერესი არ ემთხვევა მის ბუნებრივ ინტერესებს, ცხადია, პოლიტიკაც ადამიანებისგან შედგება და ინტერესებში არასდროს არ არის თანხვედრა. მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც სახელმწიფო განვითარების პირველ ფაზაში იმყოფება. ვიდრე სრულყოფილად არ მოხდება პოლიტიკური რეფორმა, მანამდე ყოველთვის იქნება კატაკლიზმები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა მოხდა 2013 წელს, საზოგადოება უფრო მეტს ელოდა, ვიდრე რეალურად მივიღეთ წლის ბოლოს.

ამ ხელისუფლების მინუსი ის არის, რომ ეკონომიკურმა გუნდმა ვერ გაართვა თავი იმ პრობლემებს, რაც ქვეყანას აქვს, დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი მიიღო, ხარჯვითი ეკონომიკა არასწორად იყო დაგეგმილი, უფრო საარჩევნო კამპანიის ნაწილზე იყო გათვლილი, საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში დიდ ინტერესს იწვევდა და ხელისუფლებაც წავიდა ამ პოპულისტურ ნაბიჯებზე და ის ფული, 600 მილიონამდე, რომელიც სოფლის მეურნეობაში დაიხარჯა, იყო გადაყრილი ფული. აქ არ იყო ჩადებული გრძელვადიანი სახელმწიფო ინტერესი, თუ ამ სახით წელსაც დაიხარჯება ფული, ბიუჯეტში ხელახალი დეფიციტი გარდაუვალი იქნება, ამიტომ ვფიქრობ, როცა ხელისუფლება ხარჯავს საარჩევნო პერიოდში ასეთი მიმართულებით ფულს, ეს გათვლილია არჩევნებზე, ჩვენ ყოველთვის ვჩქარობთ, გვინდა შედეგი იყოს მყისიერი, ამიტომაც ბიუჯეტში მოხდა სერიოზული გარღვევა. მინდა გითხრათ, რომ მეტი გარღვევაა მოსალოდნელი, საბიუჯეტო ეკონომიკური პროცესის ციკლი დაირღვა და ამიტომაც მოსალოდნელია უფრო მეტი საბიუჯეტო კრიზისი. ის ვალი, რომელიც სახელმწიფომ აიღო, არის აბსოლუტურად ნეგატიური პროცესი, ინფლაცია, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ნეგატიური პროცესია, ვალუტის დეფიციტი ნეგატივია...

- ჩვენ ვსაუბრობთ ნეგატივზე, თუმცა დამნაშავე რეჟიმის დამნაშავე პირების გასამართლება არის თუ არა პოზიტივი და სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი?
- დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ნეგატიური ის არის, როცა დამნაშავე არ ისჯება, როცა ერთს პატიობენ, მეორეს – არა... როცა შერჩევით სამართალს აქვს ადგილი, მაშინ მოსახლოებაში ჩნდება უნდობლობა. მიმდინარე წელს იყო ხმაურიანი პროცესები, ჩემში ამას გაღიზიანება არ გამოუწვევია, პირიქით, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ დააშავებს, დაისჯება!..

თუ რომელიმე ხელისუფლება დაუსჯელი დარჩა, ეს აუცილებლად ანარქიას გამოიწვევს ქვეყანაში.

- დამნაშავე "ნაციონალების" კვალი სააკაშვილამდე მივა? ისე კი, უცნაური რამ მოხდა, სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვეს, რადგან ის გამოცხადებულია პერსონა ნონ გრატად, ოფიციალური კიევის მიერ. ის ეჭვმიტანილია, რომ მზაკვრული გეგმებით ეხმარებოდა უკრაინის ოპოზიციას. თუკი მსოფლიომ ეს ფაქტი გადაყლაპა, დანაშაულში ჩაფლული სააკაშვილი საქართველოში გამოაცხადონ პერსონა ნონ გრატად და აღარ შემოუშვან...
- გიმეორებთ, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მათ შორის, პრეზიდენტიც. მე არ ვამბობ, მაინცდამაინც ციხეში ჩასვან, თუმცა ამის გარეშეც შეიძლება მისი დასჯა, თუ სააკაშვილის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და არ გამოცხადდა პროკურატურაში, მასზე გამოაცხადებენ ძებნას, ამ შემთხვევშაი ეს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაზე მეტია, ძებნილად გამოცხადების შემთხვევაში სააკაშვილს არც ერთ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის საშუალება არ მიეცემა. ყველგან შეექმნება სერიოზული პრობლემა, მაშინ ის იძულებული გახდება, მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი, ყველა შემთხვევაში ის ხდება დისკრედიტებული.


- თუკი მისი მთავრობის წევრები მილიონობით ფულს იპარავდნენ ბიუჯეტიდან, თუკი ისინი ეჭვმიტანილნი არიან ადამიანის გაქრობაში, მათ მკვლელობაში, პატიმრების გაუპატირუებაში, თუკი სააკაშვილის თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი ეჭვმიტანილია იარაღის უკანონო ვაჭრობაში და ჩართულია "ეფბიაის" საგამოძიებო სამსახური, მსოფლიოს კითხვა არ უჩნდება, რომ მთავარი დამნაშავე სწორედაც რომ სააკაშვილია, რომელიც არის სწორედ დამნაშავე რეჟიმის არქიტექტორი...

- რასაც ამბობთ, ეს არის ლოგიკა. გეთანხმებით, რომ ყველა ლოგიკური გათვლა მიგვიყვანს ამ ფინალამდე, მაგრამ ამ საქმეს სჭირდება ძალიან კვალიფიციური მიდგომა, მე ვატყობ, რომ საგამოძიებო ორგანოში მომუშავე ადამიანებს კვალიფიკაცია არ ჰყოფნით, რომ ასეთი მასშტაბური საქმეები დამაჯერებელი გახადონ, უნდა გამოიკვეთოს სისტემურობა, საკმარისი არ არის ერთი-ორი ადამიანის დაპატიმრება, მაშინ, როცა დანაშაულს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ჩვენ რომ ვამბობთ, უგულავამ, ახალაიამ, მერაბიშვილმა ჩაიდინეს დანაშაულები, მაგრამ არც ერთი გამოძიება არ მიდის იქით, რომ ამას მისცეს სისტემურობის ხასიათი, მიზეზობრივი კავშირი უნდა დადგინდეს მართვის პოლიტიკასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ პოლიტიკაში ყველა მონაწილე იყო დამნაშავე, რომ შეკვეთაც, შესრულებაც და შედეგიც, იყო დანაშაულებრივი. როცა ეს რგოლები აიკინძება, შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სისტემა იყო დანაშაულებრივი. თუ ამ დასკვნამდე მივა გამოძიება, მაშინ იურიდიულად დადასტურდება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება იყო სისტემური დანაშაულების რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გამოცხადდეს დამნაშავე პარტიად.

- ოფიციალური ვაშინგტონი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები იყოს გამჭვირვალე და დაიცვან სამართლიანობის პროცესი და კანონის უზენაესობა, ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთი დაამუხრუჭებინებს ახალ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის პროცესს?
- ასეთი განცხადებები ყოველთვის იქნება, მაგრამ ვიმეორებ, როცა არ მიდიხარ მასშტაბური მიზნისკენ და არ აკეთებ განცხადებებს, - მე კი არ ვდევნი, არამედ დამნაშავე სისტემის ანატომიას ვიკვლევ, რათა აღრა განმეორდეს მსგავსი რამ, თუ ამ კუთხით არ იქნება დანაშაული საერთაშორისო სამყაროსთვის, მაშინ ყოველთვის იქნება საპირისპირო განცხადებები დემოკრატიული ცენტრებიდან, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაპატიმრება არის პოლიტიკური დევნა, რადგან დასავლეთისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შექმნილიყო დანაშაულებრივი სისტემა. აი, ეს უნდა დაუსაბუთოს დასავლეთის ხელისუფლებამ, რომ სისტემა იყო დანაშაულებრივი.

- თუმცა ყაჩაღობისთვის ნასამართლევ მთავარ ბრალმდებელს – ფარცხალაძეს, დასავლეთი რამდენად დაუჯერებს?
- ეს საკითხი პარადოქსულად ჩანს, მე არ ვიცი სხვა ქვეყნებში ანალოგიური პრეცენდენტები, ერთადერთი მახსენდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სულ ახლახან გადადგა იმის გამო, რომ მან ვერ დაამტკიცა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომი არ იყო გადაწერილი სხვისი ნაშრომიდან.

ის დაადანაშაულეს პლაგიატობაში, თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა და გადადგა. საქართველოს გარდა, მე სხვა პრეცედენტი არ ვიცი, აქ იყვნენ ნასამართლევი მინისტრები, მაგრამ ეს არის მონათლული შავ პერიოდად. ჯაბა იოსელიანი იყო შევარდნაძის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, მაგრამ ეს იყო რევოლუციური ხელისუფლება. რევოლუციის გზით გამარჯვებულებს, არ ასამართლებენ, თუმცა მათ პერიოდში დემოკრატიის ნიშნებზე ლაპარაკიც არ იყო, ამიტომ, ამ ჭრილში შედარებას ვერ გავაკეთებთ, რადგან მაშინ მოვიდა სამხედრო ავანტიურისტული რეჟიმი, თოფიან კაცს მოჰკითხო წარსული, ეს სასაცილოდ ჟღერს...

- თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ პრემიერ ღარიბაშვილის ინტერვიუს შემდგე, ის არის მზად, სამთავრობო ცვლილებები გაატაროს?
- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრემიერი არ უნდა აჰყვეს "ნაცმოძრაობის" მოთხოვნებს, მე ვფიქრობ სწორად იქცევა, ხელისუფლებას აქვს ღირსების მომენტი, უკანდახევა მათთვის მარცხია, მით უფრო მაშინ, როცა სერიოზულად იბრძვი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი გარკვეული პერიოდის მერე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამ შავ პიარს ის არ აიკიდებს, მეტსაც გეტყვით, შესაძლოა, მთავარი პროკურორი ფარცხალაძე თავადაც ეუბნება პრემიერს, - დავწერ განცხადებას, წავალ პოსტიდან, არ ღირს ეს სკანდალიო, მაგრამ ჯერჯერობით მისი გაშვება და განტევების ვაცის მირთმევა "ნაცმოძრაობისთვის" ქნება დიდი ზეიმი.

- "ნაციონალებმა" აქციის გამართვა დაიწყეს, რასაც მიეცემა პერმანენტული ხასიათი, რას მიაღწევენ ამით?
- რა თქმა უნდა, "ნაციონალები" გამოიყენებენ პროკურორის ფაქტორს. ვიდრე ფარცხალაძე იქნება მთავარი პროკურორი, "ნაციონალებისთვის" ეს იქნება მთავარი კოზირი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ, ამ საკითხს სათავისოდ დაატრიალებენ. ხომ ხედავთ, სასამართლომ კანონის ნორმიდან გამომდინარე, უგულავა გადააყენა თანამდებობიდან და ესეც კი პიარის საგანი გახადეს. კანონში არ წერია, ხალხის მიერ არჩეული მერი იმპიჩმენტის საფუძველზე უნდა გადადგესო. მათ რაც დაწერეს კანონში, ის უბრუნდებათ უკან.

"ნაციონალებთან" ბრძოლა ადვილი არ არის, რადგან ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციურ ძალად რჩება "ნაციონალური მოძრაობა", ხელისუფლებას ძალიან ბევრი პრობლემის გადალახვა მოუწევს მათთან ბრძოლაში. ძალიან მიკვირს, ნუთუ არავინ ეუბნება ამ ხელისუფლებას, რომ გააძლიეროს არასაპარლამენტო პარტიები, რომლებიც თავისთავად მწვავე მოთხოვნებით გამოვლენ, მაგრამ ის გახდება სერიოზული ალტერნატივა "ნაცმოძრაობის", რაღაცით ხომ უნდა დაბალანსდეს ეს პოლიტიკა, დასავლეთი "ნაცმოძრაობას" მხარდაჭერას იმიტომ უცხადებს, რომ ალტერნატიული ძალა არ არის, მაგრამ, როგორც კი სხვა ოპოზიციური ძალა გამოჩნდება, ოღონდ მას უნდა მისცე ტრიბუნა, ტელეეთერი, ასეთ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" უკანა პლანზე გადაიწევს. რაც დრო გავა, მით უფრო მეტი ხალხი განაწყენდება ხელისუფლებაზე, ეს ხალხი ხომ უნდა წავიდეს ხელისუფლების საწინააღმდეგო ბანაკში? შენ თუ ალტერნატივას არ შეუქმნი და მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებ მთავარ ოპოზიციურ ძალად, ეს ხალხიც მის მხარეს გადავა. "ნაცმოძრაობას" საპრეზიდენტო არჩევნებზე 22% დაუფიქსირდა, კიდევ 22% რომ დაემატოს, მერე სადღა მიდიხარ? ესე იგი ხელისუფლება მოსახლეობას გვაიძულებს, რომ ისევ "ნაცმოძრაობა" მოვიყვანოთ ხელისუფლებაში.

რატომ გვიკეთებ ამას, პატივცემულო ხელისუფლება?!. ნუ გვხდით იძულებულს, ვისაც არ მოგვწონს ხელისუფლება, წავიდეთ "ნაცმოძრაობისკენ"...

ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების ჩატარება დაუშვებელია, რადგან "ნაცმოძრაობა" ეხლა არაფერს კარგავს ჯერ უნდა გააძლიერო არასაპარლამენტო ოპოზიცია და მერე უნდა ჩაატარო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

- როგორ ფიქრობთ, 2014 წელს დიდი საკადრო წმენდა დაიწყება?

- მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ ძალიან ბევრი ცვლილება მოხდება, ეკონომიკური გუნდი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ამ სექტორში ბევრი ცვლილოება განხორციელდება, ასევე საკადრო ცვლილებები განხორციელდება საკადრო უწყებებში, აი, მაგალითად, რაში სჭირდება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილს?.. არც არაფერს არ მატებს, მაგრამ ალასანიას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ეს თანამდებობა ძალიან სჭირდება. როგორც რეიტინგებმა აჩვენა, ღარიბაშვილზე მეტი რეიტინგი ალასანიას აღმოაჩნდა, ამიტომ, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ღარიბაშვილი მოხსნის, ჩემი აზრით, ეს იქნება ირაკლი ალასანია. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მან თამაში დაიწყო, მთავარი პროკურორის საკითხზე პასუხისმგებლობას განერიდა და შვებულება აიღო, ფაქტობრივად, გაიქცა. თუკი გადამწყვეტ მომენტში სიტუაციას განერიდები, ასეთი მინისტრი რაში სჭიდება ღარიბაშვილს? თავისთავად გამოიკვეთა ტენდენცია იმისა, რომ თეა წულუკიანი მინისტრობას ვერ შეინარჩუნებს 2014 წლის მინისტრთა კაბინეტში. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს, ვფიქრობ, რომ მას ჯერჯერობით არ შეცვლის, შეიცვლება რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი...

- თუკი ირაკლი ალასანიას გადააყენებს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, გაუყენებს თუ არა მის გზას ფანჯიკიძეს, ის ხომ ალასიანიას ცოლისდაა და დიდადაც ვერ დაიკვეხნის საგარეო, როგორც პირველი დიპლომატი. ფაქტობრივად, მას დასავლეთში პიარი ჩაუვარდა...
- როგორც წესი, მსოფლიო დიპლომატიაში საგარეო საქმეთა მინისტრებს ხშირად არ ცვლიან, შეიძლება ამას გაეწიოს ანგარიში, რომ მას ჩამოუყალიბდა მსოფლიო დიპლომატებთან ურთიერთობები, თანაც საგარეო საქმეთა მინისტრი შიდა პოლიტიკას ვერ ცვლის, ის არ არის ძლიერი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ მეტ-ნაკლებად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

- ფაქტობრივად, ფინანსთა მინისტრი ჩაფლავდა და ხადური გაკვირვებული ბუს პოზიდან ვერ გამოვიდა. მისი საყვარელი კარტოფილი 2 ლარამდე გაიზარდა, ეს კი ნონსენსია... დიდ ბრიტანეთსა და იაპონიას მსოფლიოს უძვირეს ქვეყნებს გადავუშხუილეთ, 800-მილიონიანი გარღვევაც აგვკიდა, თვითონ ღიპები ეზრდებათ, ხალხი კი შიმშილობით დეპრესიაში აღმოჩნდა...

- ხადურს კარგი შედეგი ნამდვილად არ აქვს, როცა არასამთავრობო სექტორში იყო, ის გამოირჩეოდა მაღალი აქტივობით, მაგრამ რანაირი მიზეზიც არ უნდა იყოს, წელიწად-ნახევარში მილიონ-ნახევარ ვალს რომ აიღებ, კარგი, რა!.. ვეღარ გეტყვი, რომ კარგი მინისტრი ხარ.

- როგორ ფიქრობთ, კულტურის მინისტრი თავის ჩიხტიკოპიანი მოადგილით, შეიცვლება?
- დიდი ხანია ვვარაუდობ, რომ აუცილებლად შეიცვლება, მან კულტურის სფეროში მიღწევები ვერ დაგვანახა.

- დევნილთა და განსახლების გზააბნეული მინისტრი, რომელსაც მუდამ შავი "ვოლგის" გაბღენძილს "პასაჟირს" ადარებენ, პოსტს შეინარჩუნებს?
- აი, მაგას რა უნდა მინისტრად, ვერ გავიგე. დიდი დრო მინისტრად არ უწერია, მის გზას აუცილებლად გაუყვება რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი... ასე რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე აუცილებლად გაატარებს საკადრო პოლიტიკას ირაკლი ღარიბაშვილი, საარჩევნო პერიოდში თუ მთავრობამ სისხლის გადასხმის პროცედურა არ ჩაატარა, სხვაგვარად მოსახლეობის ინტერესი ხელისუფლების მიმართ იკარგება.

- ეს ნიშნავს, რომ კოალიცია დაიშლება?
- რა თქმა უნდა, თუკი ალასანიას გაათავისუფლებს ადგილობრივი არჩევნების წინ და მას მიაყოლებს ისეთ მინისტრებს, რომელთაც ასევე პოლიტიკური ძალაუფლება აქვთ, ცხადია, მათი პარტიები მონაწილეობას ვერ მიიღებენ იმ კონტექსტში და იმ ფორმატში, რასაც დღეს კოალიცია ჰქვია. აქ არის მეორე ფაქტორი, ყველა პარტია რაღაცნაირად მოდუნებულია და ფიქრობენ, რომ "ოცნების" კვოტით გავლენ, მაგრამ ერთადერთი პარტია, ვინც ბოლო სამი თვეა მომავალი არჩევნებისთვის სერიოზულად მუშაობს, ეს არის "რესპუბლიკური პარტია". ისინი ყველა რაიონში აკეთებენ მობილიზებას, მათი თანამდებობის პირები ხალხს ეუბნებიან, რომ ჩაეწერონ "რესპუბლიკურ პარტიაში", პირობა ასეთია, - თუ ჩაეწერებიან, სიაში კანდიდატად ჩასვამენ. ადგილებზე მიდის გაცხოველებული მუშაობა, "რესპუბლიკელების" გააქტიურება მიანიშნებს იმაზე, რომ მათი კანდიდატები ყველა რაიონში სიის წამყვან ათეულში იქნებიან. ასეთ შემთხვევაში "ოცნებამ" ყველაფერი უნდა დათმოს და მისცეს "რესპუბლიკელებს", თუკი კოალიციის ფორმატში გამოვლენ, მაგრამ, თუკი "რესპუბლიკელები" თავს იზღვევენ და ფიქრობენ, რომ არჩევნებში ცალკე სუბიექტად გამოვლენ, ეს იმას ნიშნავს, რომ კოალიციის დაშლის ალბათობაზეც ფიქრობენ. ორივე შემთხვევაში, "ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ უნდა გააანალიზოს და ღარიბაშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პარტია "ოცნება" გავიდეს ცალკე ამ არჩევნებში. "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" ფაქტორი კოალიციაში, სერიოზული დამამუხრუჭებელია იმ პროცესისა, რასაც კოალიცია ჰქყვია. ასე რომ, წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი გველის. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით საქართველოს მოსახლეობას მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს და ვუსურვებ დასაქმებას, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება.


ნანახია - 625

კომენტარები - 2

პლატონი

2013-12-31 20:53:12

ახლანდელი მთავრობის სტრუქტურა არის ნაცების დროინდელი, გაბერილი და არაეფექტური. უნდა გაუქმდეს რიგი სამინისტროები:ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სპორტის, ლტოლვილტა და განსახლების და ა.შ და ფუნქციები გადანაწილდეს, უნდა გაუქმდეს სახელმწიფო მინისტრების აპარატები და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

alexi

2013-12-31 21:30:20

სანიკიძესა და მისი გოგონებისაგან უნდა განთავისუფლდეს განათლების სამინისტრო. როგორ უნდა მართოს ადამიანმა სისტემა, როდესაც მას ამ სისტემაზე წარმოდგენაც კი არა აქვს. განათლების სისტემა, მისი ეფექტური მართვა დღესაც პრობლემურია, ამ სამინისტროში დასაქმებულთა არაკომპეტენტურობისა და საკითხისადმი სუბიექტური მიდგომის გამო

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: