მეცნიერებათა აკადემიის ლაბირინთებში...
საზოგადოება

მეცნიერებათა აკადემიის ლაბირინთებში...

მეცნიერებათა აკადემიის ლაბირინთებში...
მარიამ თოდაძე

2013-06-28 12:54:20

for.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ტენდენციურად ჩატარდა აკადემიკოსთა არჩევნები. „გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაფიქსირდა 2 უკონკურენტო კანდიდატურა: „გამოყენებით ეკონომიკის“ მიმართულებით პროფესორი ლადო პაპავა, ხოლო „ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის“ მიმართულებით, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე. ბუნებრივია, მათი აკადემიკოსებად არჩევაც უმტკივნეულოდ მოხდა, რამდენადაც მათ, თავიანთი ვიწრო მიმართულებებით, კონკურენტები არ ჰყოლიათ და პრაქტიკულად ვერც ეყოლებოდათ“.

for.ge-სთან საუბრისას აკადემიკოსი ლადო პაპავა თვლის, რომ სტატია ტენდენციურია და სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.

ბატონო ლადო, სტატიაში საუბარია, რომ მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან პრიორიტეტულად ეკონომიკაში მხოლოდ ვიწრო და არასაკვალიფიკაციო მიმართულებებით გამოცხადდა ვაკანსიები, სადაც თქვენ და ავთანდილ სილაგაძემ უპირობოდ გაიმარჯვეთ. როგორც ვიცით, თქვენ სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ გვითხრათ, რეალურად რა მოხდა?

- სამწუხაროდ, ამ სტატიაში ფაქტები დამახინჯებულია და რომ არ შეხებოდა ისეთ დარგს, როგორიც ეკონომიკაა, რომ არ შეგვხებოდა მე და ჩემს მეგობარ ავთანდილ სილაგაძეს, შესაძლოა, კომენტარიც არ გამეკეთებინა. ვფიქრობ, ეს მკითხველის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და მეტი არაფერი.

საქმე იმაში გახლავთ, რომ არც თუ დიდი ხნის წინ, 1-ელ მაისს მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა არჩევნები. ეკონომიკაში გამოყოფილი იყო ორი ადგილი - „გამოყენებით ეკონომიკასა“ და „ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიაში“. ხსენებულ სტატიაში ისეა წარმოდგენილი, რომ, თითქოს, ეს არის ვიწრო სპეციალობები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის გადამოწმება ნებისმიერ მკითხველს შეუძლია, ნებისმიერ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. მაგალითად, ვიკიპედიაშიც განმარტებულია, რა არის „გამოყენებითი ეკონომიკა“. მითითებულია, რომ გამოყენებნითი ეკონომიკა არის საკმაოდ ფართე მიმართულება, რომელშიც შედის ეკონომიკის სხვადასხვა დარგები: თეორიული ეკონომიკის გამოყენებითი საკითხები, ეკონომეტრიკა, დემოგრაფიის ეკონომიკა, შრომის ეკონომიკა, ბიზნესის ეკონომიკა, მრეწველობის ორგანიზაცია, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, განათლების ეკონომიკა, ჯანდაცვის ეკონომიკა, მონეტარული ეკონომიკა, საჯარო ეკონომიკა და ეკონომიკის ისტორია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სპეციალობებში, ვისაც ჰქონდა პრეტენზია, ყველას შეეძლო მონაწილეობა მიეღო.

სტატიაში საუბარია, რომ დაიჩაგრა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი პროფესორი ლეო ჩიქავა. როგორ მოხდა, რომ მან ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა?

- ჩვენ, ეკონომისტები ვეთაყვანებით და პატივს ვცემთ ბატონ ლეო ჩიქავას, ის ჩვენი ეკონომიკური მეცნიერების პატრიარქია. მას ჰქონდა პრეტენზია, რომ არჩეული ყოფილიყო დემოგრაფიის ხაზით. დემოგრაფია კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შედის „გამოყენებით ეკონომიკაში“. ასე რომ, ხელი არავის შეუშლია, ბატონი ლეოსთვის, რომ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. „გამოყენებითი ეკონომიკა“, როგორც გითხარით, არ არის ერთი დისციპლინა, ეს არის ეკონომიკურ დისციპლინათა საკმაოდ დიდი რაოდენობის ერთობლიობა. თუკი ვინმეს ჰქონდა პრეტენზია, რომ მონაწილეობა მიეღო ნებისმიერი ჩამოთვლილი მიმართულებით, მას ეს შეეძლო.

„გამოყენებით ეკონომიკაში“ არ შედის მხოლოდ ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია, ამიტომაც ეს დარგი გამოიყო და მასზე ცალკე გამოცხადდა კონკურსი. ამ ორმა დარგმა მთლიანად შეავსო ეკონომიკა. კიდევ ვიმეორებ, სტატიაში მოყვანილი არგუმენტი, რომ ესენი ვიწრო სპეციალობებია, არ შეესაბამება სინამდვილეს. უფრო მეტიც ავტორი წერს, რომ ასეთი დისციპლინა - „გამოყენებითი ეკონომიკა“ ვერ აღმოაჩინა, სასწავლო დისციპლინებში. ვერც აღმოაჩენდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არ არის ერთი დისციპლინა, ეს დისციპლინათა ერთბლიობაა. აქედან გამომდინარე, რომ ვინმეს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონოდა, აბსოლუტურად მცდარია.

საბუთების წარდგენისას რაიმე პრობლემა არ შეგინიშნავთ?

- კონკურსი თებერვალში გამოცხადდა და ერთი თვის განმავლობაში ყველას შეეძლო, საჭირო დოკუმენტაცია შეეგროვებინა. მე და ავთანდილ სილაგაძე წარგვადგინა პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერიო საბჭომ. ეს ერთადერთი სამეცნიერო ინსტიტუტი დარჩა ეკონომიკური პროფილის, რადგან დანარჩენი ინსტიტუტები სააკაშვილის რეჟიმმა დახურა, გააუქმა.

უფრო მეტიც, არჩევნების დროს, ჩვენი კოლეგა ქართველი და უცხოელი ეკონომისტებისგან ოფიციალური მხარდაჭერა და რეკომენდაციებიც გვქონდა. მე, მაგალითად, უცხოეთიდან მხარს მიჭერდნენ ცნობილი ამერიკლი და რუსი მეცნიერები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფარულად არაფერი არ გაკეთებულა და ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველას შეეძლო როგორც მხარდაჭერა, ისე თუნდაც პროტესტის გამოხატვა.

ლაპარაკია იმაზეც, რომ თვითონ კონკურსი იყო არასათანადოდ გამოცხადებული...

- დიახ ლაპარაკი იყო, რომ კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო მხოლოდ „ეკონომიკაში“, ისე, როგორც ეს გაკეთდა მაგალითად მათემატიკასა და ფიზიკაში. რატომღაც სტატიის ავტორმა „ვერ შენიშნა“, რომ აკადემიაში კონკურსი გამოცხადებული იყო არა მარტო მსხვილ სამეცნიერო დარგებში, არამედ საკმაოდ ვიწრო სპეციალობებშიც. ამის მაგალითებია - პალეობიოლოგია (და არა ბიოლოგია), უროლოგია, ნევროლოგია, ოტოლარინგოლოგია (და არა მედიცინა) და ა.შ. ამ სპეციალობებისაგან განსხვავებით, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ ზემოთქმულს, რომ „გამოყენებითი ეკონომიკა“ ეკონომიკური მეცნიერების 13 სხვადასხვა სპეციალობას აერთიანებს.

კიდევ პრეტენზია იყო გამოთქმული, რატომ გამოცხადდა კონკურსი მაინც და მაინც „ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიაში“, მაგრამ კონკურსი ასევე გამოცხადებული იყო, მაგალითად, ფილოსოფიის ისტორიაშიც (და არა ფილოსოფიაში) და ქართული ლიტერატურის ისტორიაში (და არა ლიტერატურათმცოდნეობაში), და სხვ. რატომღაც ეს კრიტიკული წერილის ავტორს გამორჩა.

თუ ყველაფერი რიგზე იყო, ამ სტატიაში მოყვანილ არგუმენტებს რითი ახსნით?

- იგრძნობა, რომ ეს წერილი გარკვეული მიზნებისთვის დაიწერა, იმისათვის, რომ ადამიანები გააშავონ, რაც გულდასაწყვეტია. საქართველოს მეცნიერებათა წევრ-კორესპონდენტი ვარ 1997 წლიდან, ავთანდილ სილაგაძე კი - 2001 წლიდან. 34 წელია, აკადემიაში ეკონომიკის დარგში აკადემიკოსი არ არჩეულა და 34 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა ეს არჩევნები. ასე რომ, არც მე და არც ავთანდილ სილაგაძე არ ვართ უცხონი არც აკადემიისათვის და არც ქართული ეკონომიკური საზოგადოებისთვის. უბრალოდ მგონია, რომ იყვნენ ამბიციური ადამიანები, რომლებსაც სურდათ, მათ ვიწრო სპეციალობებზე გამოცხადებულიყო ვაკანსია, რაც აკადემიის ხელმძღვანელობამ არ დაუშვა. დემოგრაფია იქნებოდა ეს თუ ფინანსები, ყველას ჰქონდა განაცხადის შემოტანის საშუალება და ისინი უშუალოდ ჩემი კონკურენტი იქნებოდნენ, ხოლო ვისაც აირჩევდნენ, ის კი - გამარჯვებული. თუ ვინმემ განცხადება არ შემოიტანა, ეს, ნამდვილად, არც მეცნიერებათა აკადემიის და არც ჩემი ბრალი არ არის...

ნანახია - 2666

nata lia

2013-06-29 00:44:46

ქართული შუღლი !!! "ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"

duru64

2013-07-09 14:27:55

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია მე კოლონაა!
ეს ის ხალხი არ არის, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს?
დასკვნა თქვენ გააკეთეთ!!!!

duru64

2013-07-09 14:28:16

მე-5

usafudzvlo

2013-07-10 13:02:04

აკდემიის წევრთა დიდმა ნაწილმა ღია მხარდაჭერა დააფიქსირა ბატონ ბიძინასადმი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80