ეკონომიკა

ახალი შრომის კოდექსი ძველებური ელფერით

ახალი შრომის კოდექსი ძველებური ელფერით
ეკა ბაქრაძე

2013-06-15 09:03:39

შრომის კოდექსში ცვლილებები მიღებულია. დიდი დაპირისპირების, მუდმივი ჩასწორებების, გაურკვევლობებისა და განაწყენების ფონზე, ქვეყანას ახალი შრომითი კანონმდებლობა აქვს.

პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, მანამდე კი მეორე მოსმენით იმ ცალკეულ მუხლებს უყარა კენჭი, რომელზეც შეთანხმება მხოლოდ გუშინ მოხერხდა. მესამე მოსმენით შრომის კოდექსს მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა, 26 კი მის წინააღმდეგ წავიდა.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მიღებულია შრომის ისეთი კოდექსი, რომელიც შრომითი ურთიერთობების ახალ ეტაპს განაპირობებს. „ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა და მივიღეთ შრომის კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ორივეს - დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს”, - აღნიშნა ხუნდაძემ.

მისივე აზრით, მანამდე არსებული კოდექსი დისკრიმინაციული იყო და დასაქმებულების უპირობო გათავისუფლება ყოველგვარი განმარტების გარეშე ხდებოდა.

„ვფიქრობთ, ჩვენ მოვახერხეთ ამ პუნქტში დაცულიყო დასაქმებულის ინტერესები, მაგრამ თუკი პირი არ შეასრულებს ხარისხიანად და პასუხისმგებლობით საქმეს და მოვალეობას, რა თქმა უნდა, პირობები გაწერილია დეტალურად, სადაც დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ დასაბუთებულად გაათავისუფლოს დასაქმებული”, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

 ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ახალი ურთიერთობა შემოდის, აქამდე კი იყო მხოლოდ სამთვიანი ხელშეკრულებები, რომელიც დავის საგანი ხშირად ხდებოდა. კერძოდ, უვადო ხელშეკრულებები იქნება შემოღებული, თუმცა გარკვეული რეგულაციებით. უვადო ხელშეკრულებები გაფორმდება დასაქმებულთან თუ ის მუშაობს 30 თვის განმავლობაში.

ასევე ორი ტიპის რეგულაციაა შრომითი ხელშეკრულების წინასწარი გაფრთხილების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ერთ თვით წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში დასაქმებულს ერთი თვის სამუშაოს ხელფასი აუნაზღაურდება, ხოლო თუ დამსაქმებელი სამი დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს, მაშინ მას მოუწევს დასაქმებულისთვის 2 თვის სახელფასო ანაზღაურების მიცემა.

შრომის კოდექსს განსაკუთრებულ წინააღმდეგობას საპარლამენტო უმცირესობა უწევდა. დეპუტატი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ხალხს, ვისაც სურვილი აქვს ადამიანები დაასაქმოს, სჭირდება სხვა მიდგომები, სხვა პირობები და სტანდარტები, რისი გაკეთებაც მინიმალისტური რეგულირებებით არის შესაძლებელი.

“საუბარია, ნაცრის შემოტანის ბიზნესზე, რაზეც პარლამენტში კანონპროექტი შემოდის. როგორც ვიცი, ვიღაცას აქვს, ალბათ, ასეთი ბიზნესი ევროპაში, ან სადმე სხვაგან - განადგურებული ნარჩენები ან ნაცარი, რომ შემდეგ საქართველოში შემოიტანოს. ეს ის ბიზნესი არ არის, რაც ჩვენს მოსახლეობას დაასაქმებს და რაც უკეთეს პირობებს შექმნის”, - განაცხადა წერეთელმა.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით კი, შრომის კოდექსით დასაქმებულის მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, უარესდება. პარლამენტში იგნორირებას უკეთებენ დასაქმებულთა წარმომადგენლების მოსაზრებებს და მხოლოდ ბიზნეს ჯგუფებისგან მიღებულ რჩევა-დარიგებებს ითვალისწინებენ.

„პროექტი ისეთი სიხშირითა და სისწრაფით განიცდის ტრანსფორმაციას, რომ სოციალურ პარტნიორებს, მხარეებს და სამოქალაქო საზოგადოებას არ აქვს საშუალება განხილვამდე მათ წერილობითი ფორმით გაეცნოს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ კოდექსის სახეცვლილ ვარიანტში დასაქმებულთა ხმა “არ ისმის” და ის ბიზნესმენთა ერთ ჯგუფზეა მორგებული. ნათელია, რის მისაღწევად ვაჭრობდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დეპუტატი ოქრიაშვილი, თუმცა რა ფორმით შედგა შეთანხმება, ეს ჩვენთვის უცნობია“, - ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.

ნანახია - 2062

კომენტარები - 3

კ ა ხ ე ლ ი

2013-06-15 10:21:16

"ხატელოს კაკ ლუჩშე, პალუჩილოს კაკ ვსეგდა!"

ეს შრომის კოდექსი აჩვენებს,რომ ჩვენი საზოგადოება, ამჯერად დასაქმებულთა და დამსაქმებელთა სახით, მზად არ არის გონივრული რაციონალური კომპრომისისათვის და კვლავაც ხელების გადაგრეხვის პრინციით ამჯობინებს მოქმედებას.

ხელისუფლებისა და მთავრობის მოვალეობაა გონივრულ კომპრომისზე იმუშავოს და ძალადობას, მნიშვნელობა არა აქვს რომელი მხარის სასარგებლოდ, უარი უთხრას.

vasso

2013-06-15 13:45:21

ხელისუფლებისა და მთავრობის მოვალეობაა გონივრულ კომპრომისზე იმუშავოს და ძალადობას, მნიშვნელობა არა აქვს რომელი მხარის სასარგებლოდ, უარი უთხრას.; დავამატებდი, არა მარტო აქ არამედ ნებისმიერ სფეროში

ვეტერანი

2013-06-15 15:01:25

და ასევე რაც მთავარია, ფადი ასლები და ვიღაც უცხოელი ბიზნესმენები, ცხვირს არ უნდა ყოფდნენ ჩვენს კონსტიტუციაში თუ კანონებში. რა მაგათი საქმეა საქართველოს კანონი როგორი იქნება!
არ მოწონს? დაახვიოს მაგის დედაც!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: