ეკონომიკა

სახელმწიფო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას აპირებს

სახელმწიფო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას აპირებს
რუსიკო უშიკიშვილი

2013-05-15 19:24:27

საქართველოში ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის პრობლემას მონოპოლიზებული ბაზრები განაპირობებს, სადაც სულ რამდენიმე მოთამაშეა, ხოლო დანარჩენ ეკონომიკურ აგენტებს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ ჰქონდათ. წინა ხელისუფლების პირობებში, ყველა სფეროში ოლიგოპოლიები იყო შექმნილი, რომლებშიც გარკვეული წილის მფლობელები თავად ხელისუფლების წარმომადგენლები, ან მათი ახლობლები იყვნენ და ეს ბიზნესები ყველანაირად იყო მთავრობისგან წახალისებული, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც კი.

ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც ნავთობიმპორტიორთა ვიწრო წრე, ასევე ფარმაცევტული ბაზარი, კომერციული ბანკები და ა.შ. ყველა ამ სფეროში ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა. ამ პირობებში სახელმწიფო არათუ უშლიდა ხელს ოლიგოპოლიების ჩამოყალიბებას, არამედ პირიქით, ხელს უწყობდა მათ ამ საქმიანობაში.

ყველა ნორმალურ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე პრეტენზია გააჩნია, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ბიზნესი მონოპოლიზებული არ იყოს, არსებობდეს თავისუფალი კონკურენცია და გარკვეულმა ეკონომიკურმა აგენტებმა მათი დომინირებული მდგომარეობა ბოროტად არ გმოიყენონ, რადგან კარტელური შეთანხმებები ბაზრის მოთამაშეებს შორის პროდუქციაზე არარეალურად მაღალ ფასს ქმნის და საბოლოოდ, როგორც მოსახლეობას, ასევე მთლიანობაში, სახელმწიფოს ეკონომიკას აზარალებს. ამიტომ, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს შესაბამისი ორგანო, რომელიც ანტიკონკურენციულ პოლიტიკას განახორციელებს.

საქართველოში ასეთი ორგანო დღესაც არსებობს, ეს არის „კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“, რომელიც ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 აგვისტოს N1-1/948 ბრძანებით შეიქმნა. ასევე გვაქვს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, თუმცა რეალურად არც ეს ორგანო და არც კანონი არ ფუნქციონირებს. ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც სააგენტოს კონკურენციის შემზღუდავ ქმედებებზე რაიმე რეაგირება მოეხდინოს. ამის მიზეზი არის გარკვეული ხარვეზები „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, წინა ხელისუფლების პირობებში არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ სააგენტოს თავისი უფლება-მოსილების ფარგლებში ემოქმედა.

ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ხლისუფლებაში მოსვლამდე პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას, რომ ბიზნესს ხელისუფლების წნეხისაგან გაათავისუფლებდა და კონკურენტულ გარემოში განვითარების შესაძლებლობას მისცემდა. ხელისუფლებაში მოვლის შემდეგ პირველი შეხვედრა, რომელიც პრემიერმა გამართა, იყო შეხვედრა ბიზნესმენებთან, რომელთაც მოუწოდა, უარი თქვან კარტელურ გარიგებებზე და თავისუფალი ბაზრის პრინციპით იმოქმედონ. მართალია, არსებობს ხელისუფლების დეკლარირებული სურვილი, რომ საქართველოში ბიზნესი ყოველგვარი წნეხისგან გათავისუფლდეს და კონკურენტულ გარემოში ისაქმიანოს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა და შესაბამისი, ანტიკონკურენტული ქმედებების დასახვა და განხორციელება სჭირდება.

ერთ-ერთი ასეთი ქმედება არის „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს“ საქმიანობის უფრო დამოუკიდებლად და ეფექტინად წარმართვა. ამჟამად მიმდინარეობს „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. პროექტის თანახმად დაგეგმილია კანონის სახელის შეცვლაც და მას „კონკურენციის შესახებ“ კანონი უნდა ეწოდოს. კონკურენციისა და სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს ნაცვლად კი კონკურენციის სააგენტო უნდა შეიქმნას.

კონკურენციის შესახებ კანონი და შესაბამისი სტრუქტურა აქამდეც არსებობდა, მაგრამ პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, ის პრაქტიკულად უფუნქციო იყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახალ კანონპროექტში გათვალისწინებული იყოს ისეთი ნორმები, რომლებიც სააგენტოს ხელისუფლებისგან უფრო დამოუკიდებელს გახდის და კანონის მოქმედების ეფექტიანობის გარანტიც იქნება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ქეთევან ლაფაჩი განმარტავს, რომ კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი ამოცანა არის არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა და დარღვევათა პრევენცია და არა სადამსჯელო ქმედებების განხორციელება. რაც შეხება იძულებითი აღსრულების მექანიზმებს, მათი გათვალისწინებაც აუცილებელია, რადგან მათ გარეშე შეუძლებელი იქნება აღკვეთა ისეთი ანტიკონკურენციული ქმედებებისა, რომელთა მიზანია, ან რომელთაც შედეგად მოსდევს კონკურენციის შეზღუდვა შესაბამის ბაზრებზე (მათ შორის დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და კარტელური შეთანხმებები ეკონომიკურ აგენტებს შორის).

ქეთევან ლაფაჩის თქმით, უკანასკნელ წლებში ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბაზრის, რომელიღაც კონკრეტული მოთამაშეები პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩენილან. ამის მაგალითად, თუნდაც საგადასახადო დისკრიმინაცია იკმარებდა, როდესაც რამდენიმე ტელეკომპანიას ბიუჯეტის წინაშე არსებული სერიოზული დავალიანება ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეპატია. ლაფაჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს ხელისუფლების სტრუქტურების ანტიკონკურენციული ქმედებების აკრძალვას, კონკურენციის სააგენტოს ამ აქტის არც საპროექტო სტადიაზე გაპროტესდება უცდია და არც შემდეგ გაუმახვილებია ყურადღება. დღეისათვის კონკურენციის კანონიც გვაქვს და კონკურენციის სააგენტოც, თუმცა მათ არაეფექტოანობაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ კონკურენციის სააგენტოს ყურადღების მიღმა რჩება მრავალი პრობლემა, რომელიც როგორც მინიმუმ ანალიზის საგანი მაინც უნდა გამხდარიყო. მაგალითად, ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებები სწრაფი გადახდის აპარატებთან დაკავშირებით, გადამზიდავების პრობლემები და ამ საკითხზე ამ დღეებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აქტიური პოლემიკა ფინანსთა სამინისტროსთან, რაც სამინისტროს მიერ გადამზიდველებთან დაკავშირებით გამოცემულ ნორმატიულ აქტს ეხება.

„იგივე შეიძლება ითქვას ამავე ორგანიზაციის მიერ ნავთობპროდუქტებისა და ფარმაცვტული ბაზრების კვლევების შედეგებზე და სხვა შემთხვევებზე. თუმცა, ამ საკითხებით არსებული კონკურენციის სააგენტო არც დაინტერესებულა. თუ ვინმე მათგან რაიმეზე რეაგირებას ითხოვს, ამბობენ, რომ კანონით ამის უფლება არ აქვთ“, - ამბობს ქეთევან ლაფაჩი.

ჩვენს კითხვაზე, რა ისეთი ბერკეტები დევს კანონპროექტში, რომლებიც კონკურენციის სააგენტოს ქმედებას და თავად კანონის მუშაობასაც უფრო ეფექტიანს გახდის, ქეთევან ლაფაჩი არსებულ კანონსა და კანონპროექტს შორის ძირითად განსხვავებაზე საუბრობს.

მისი თქმით, პროექტით ფართოვდება კანონის გავრცელების სფერო. კანონი გავრცელდება ყველა დარგზე და ნებისმიერი პირის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს ბაზრებზე (გარდა შრომითი ურთიერთობებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებზე); კანონპროექტით იცვლება კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველი ხელშეკრულების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და შესაბამისად, მცირდება გამონაკლისები. კერძოდ, კონკურენციის უმნიშვნელოდ შემზღუდველ ხელშეკრულებად განისაზღვრება: ჰორიზონტალური ხელშეკრულება, რომლის მხარეთა ერთობლივი წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 10 პროცენტს; ვერტიკალური ხელშეკრულება, რომლის თითოეული მხარის წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 15 პროცენტს; ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხელშეკრულების მახასიათებლებს და რომლის თითოეული მხარის წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 10 პროცენტს (განსხვავებით მოქმედი კანონით გათვალისწინებული 25%, 40% და 40%-სა). პროექტის მიხედვით ასეთი გამონაკლისები არ გავრცელდება კარტელური ტიპის შეთანხმებებზე, მაგალითად, შეთანხმებაზე, რომლის მიზანია ფასების დადგენა, ბაზრების განაწილება ტერიტორიული ან მომხმარებელთა კატეგორიების ნიშნით, ჯგუფური ბოიკოტი); განვრცობილია იმ ქმედებათა ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებაც ეკრძალებათ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

გათვალისწინებულია ახალი დებულების დამატება, რომელიც ითვალისწინებს კონკურენციის პროცესის საჯარო ადვოკატირების მიზნით ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისათვის, სამართლებრივი აქტებისათვის, საპრივატიზაციო და საინვესტიციო პროექტებისათვის კონკურენციის სააგენტოს მიერ შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას. რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ანტიკონკურენციული გადაწყვეტილებების მიღებას.

კანონპროექტში განვრცობილია საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციასთან დაკავშირებული დებულებები და გათვალისიწნებულია ის შემთხვევები, როდესაც აუცილებელი იქნება ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენციის სააგენტოსთვის შეტყობინების გაგზავნა დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ, ისევე, როგორც აღნიშნული ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევები.

კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების მიზნით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სტრუქტურის – კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის შერჩევის კრიტერიუმები, თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი და სააგენტოს დიზაინთან და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის გაუქმებას, კონკურენციის სააგენტოს მიერ შემდეგ გადაწყვეტილების მიღების ვადის შემცირებას 6 დან 3 თვემდე, ხოლო საქმის სირთულის გათვალისწინებით, 10 თვემდე ( ნაცვლად კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 15 თვისა);

პროექტის თანახმად გათვალისწინებულია დამოუკიდებელი და სათანადო უფლებამოსილების მქონე კონკურენციის სააგენტოს შექმნა, რომლის ხელმძღვანელსაც (თავმჯდომარეს) დანიშნავს პრემიერ-მინისტრი პარლამენტთან შეთანხმებით, ხოლო სააგენტოს თანამშრომლები კონკურსის წესით იქნებიან შერჩეული, რაც სააგენტოს დამოუკიდებლობის ერთგვარი გარანტია. აქვე ქეთევან ლაფაჩი განმარტავს, რომ ის რაზეც მან ისაუბრა, კანონპროექტში არის გათვალისწინებული, თუმცა პროექტის პარლამენტში განხილვისას, შესაძლოა, დებატების დროს, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

კანონპროექტის შეფასება „ახაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტს, ნოდარ ჭიჭინაძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, მოქმედ კანონში არის ისეთი ხარვეზები, რომელთა გამოც კანონი ვერ უზრუნველყოფს ბაზრებზე კონკურენციის ხელშეწყობას და მისი შეზღუდვის არდაშვებას. ყოველივე ამის შედეგი სახეზე იყო და დღემდეც არის. ეს შედეგია კონკურენციის დეფიციტი, თითქმის, ყველა დარგში. მისივე თქმით, საუბარი არსებულ ხარვეზებზე კანონპროექტის განხილვის პერიოდშიც ბევრი იყო, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მხრიდან.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ დღეს, მართალია, პროცესები დროში გაიწელა, მაგრამ დღის წესრიგში დგას თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა. ცვლილებები, სწორედ რომ იმ პრობლემატურ საკითხებს ეხება, რომელიც კანონის ეფექტიანობას ვერ უზრუნველყოფდა. ნოდარ ჭიჭინაძეც კანონპროექტის იმ ნორმებს უსვამს ხაზს, რომლებზეც ქეთევან ლაფაჩი გვესაუბრა და აცხადებს, რომ მოქმედ კანონთან შედარებით, პროექტის ეს ნორმები ბევრად უკეთესია.

„ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებულია კანონის რეგულირების სფეროში მოექცეს „ფასიანი ქაღალდების კანონით განსაზღვრულ ურთიერთობები, როდესაც ეს ურთიერთობები გავლენას ახდენს ქვეყნის სასაქონლო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და ზღუდავს მას, ან შეუძლია გამოიწვიოს მისი არსებითად შეზღუდვა, ეს ნორმა მოქმედ კანონში არ არსებობს. აგრეთვე, მოქმედი კანონით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები. ახალი კანონპოექტით კი, აკრძალვებიდან გამონაკლისები დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელშიც უნდა დაკონკრეტდეს რა გარემოებების გათვალისწინებით და რა ვადით დგინდება ეს გამონაკლისები. ეს ასევე წინგადადგმული ნაბიჯია“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კონკურენციის შეზღუდვის გამო ბაზრის ცალკეული სუბიექტების დაჯარიმების საკითხიც. მოქმედი კანონით ჯარიმა იმდენად მცირეა, რომ ბაზრის მოთამაშეს ურჩევნია მიიღოს მაღალი მოგება და გადაიხადოს კიდეც ჯარიმა. კონკურენციის შეზღუდვისთვის ეკონომიკური აგენტი ჯარიმდება გასული წლის მოგების 10%-ის ოდენობით, ან მოგების არარსებობის შემთხვევაში, ბრუნვის არაუმეტეს 2%-ით. ახალი კანონპროექტით კი ჯარიმის დადგენისას გათვალისწინებული იქნება დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი, დარღვევის ხანგრძლივობა და სიმძიმე.

„გარდა ზემოთხსენებულისა, კონკურენციის სააგენტოს ფუნქციებში და მოვალეობებში შევა კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენის მიზნით სასაქონლო და საფინანსო ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი, დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ სხვა ეკონომიკური აგენტის (მისი შვილობილი საწარმოს) აქციების ან წილის (პაის) შეძენისას ამ ტრანზაქციის კონკურენციული ეფექტის სავალდებულო შეფასება, დასკვნის მომზადება და გაცემა, კონკურენციის განვითარებისა და მონოპოლიური საქმიანობის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შეზღუდვის ღონისძიებათა გატარების მიზნით აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის განსახილველად სავალდებულო წინადადებების წარდგენა და ა.შ.“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, ახალ კანონპროექტში გათვალისწინებულია ისეთი პუნქტები და მუხლები, რომლებიც პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კონკურენციის შემზღუდველ ქმედებებზე სათანადო რეაგირების მოხდენის საშუალებას იძლევა და ასევე, კანონი გაითვალისწინებს პრევენციულ ქმედებებსაც.

 

ნანახია - 669

კომენტარები - 0

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: