რეტრომედია

ქართველი მინისტრების სიმდიდრის რეიტინგი

ქართველი მინისტრების სიმდიდრის რეიტინგი
„ალია“, 5-7 ივნისი, 2004 წელი

2013-05-01 08:52:17

„ალია“ მინისტრების ქონებრივ-საფინანსო მდგომარეობით დაინტერესდა. არ გაინტერესებთ, ვინ არის ყველაზე ღარიბი მინისტრი და ვინ იყო ყველაზე მდიდარი მინისტრი კახა ბენდუქიძის ჩამოსვლამდე?

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ყველაზე მდიდარი მინისტრი ზურაბ ნოღაიდელია, მას - 815 993 ლარის ქონება აქვს - უძრავ-მოძრავიან, „ქეშიან“, საბანკო ანგარიშიან, აქციებიანად. მისი ქონება ასე გამოიყურება: აქვს 250 ათას ლარიანი ბინა თბილისში, 160 ათასლარიანი სახლი და მიწის ნაკვეთი ქობულეთში. 40 ათასლარიანი ავტომობილი. ნოღაიდელის კუთვნილი აქციები ვალუტაში 7 298 დოლარს შეადგენს. თვითონ მინისტრს „ბაზისბანკში“ 1 210 დოლარი აქვს მიბარებული, მის მეუღლეს კი - 260 889 ლარი. მდიდარ მინისტრს სახლში 5 900 დოლარი უდევს.

მეორე ადგილზე დღემდე შინაგან საქმეთა, მალე კი თავდაცვის მინისტრი გია ბარამიძეა. მას და მის ოჯახს 779 400 ლარის ქონება აქვთ. ბარამიძე მეორე ადგილზე ცოლის „ბლატებითაც“ არის მოხვედრილი, თვითონაც კაი ქონების პატრონია, მაგრამ არც მეუღლეს - ეკა ჯაფარიძეს აქვს ცუდი „მზითევი“. საერთოდ, ასეთი „კრუტოი“ ცოლი არავის ჰყავს მინისტრთა კაბინეტში. ეკა ჯაფარიძემ ოჯახი გაამდიდრა: 60 ათასლარიანი ბინით, 120 ათასლარიანი აგარაკით კოჯორში, 100 ათასლარიანი ბინით ყიფშიძეზე, 23 ათასლარიანი ერთი და მეორე 30 ათასლარიანი ანტიკვარით. მარტო ქალბატონ ეკას „ქეშად“ 14 500 ლარი აქვს და საერთოდ, უხვშემოსავლიანი ქალბატონია, დიზაინერია და მისმა მარტო ერთმა ჰონორარმა 8 ათასი დოლარი შეადგინა. მაშ... ჩვენ შეგნებულად შევეხეთ მხოლოდ მეუღლის ქონებას.

მესამე ადგილზე საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილია. ქალბატონი მინისტრის მესამე პოზიციაზე ყოფნა პირობითია. შესაძლოა, რეალურად ის უფრო მდიდარიც იყოს, რადგან მას დეკლარაციაში ბევრი ნივთი აქვს შეტანილი, მაგრამ არ აქვს შეფასებული. მაგალითად, უწერია წიგნები - 200 ყუთი და იქვე, გასწვრივ მინაწერია -  „შეფასება შეუძლებელია“. ოჯახის განძზე - ბეჭდებსა და სამაჯურებზე, საერთოდ სამკაულებზე უწერია - „ამის შეფასება ძნელია, სავარაუდოდ 15 ათასი ევრო“. ზურაბიშვილის შეფასებული ქონება 620 000 ლარამდე ადის. ქალბატონი სალომე ბინის თვალსაზრისით კი ნამდვილად პირველ ადგილზეა, მას 150 ათას ევროდ შეფასებული ბინა აქვს, თანაც პარიზში. ამის გარდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს 10 ათას ევროდ შეფასებული ოცამდე ფერწერული ტილო, 2 ათას ევროიანი ავეჯი, 3 ათასევროიანი ხალიჩა, 1500 ევროს ვერცხლეულობა, 1500 დოლარიანი კომპიუტერი და 500 დოლარიანი „სიდიპლეერი“. ქართულ ბანკებში ქალბატონ სალომეს ანგარიშები ჯერ არ გააჩნია, სამაგიეროდ ფრანგულ ბანკში 80 ათასი ევრო აქვს. აი, ამას ჰქვია გემრიელი ქონება.

მეოთხე პოზიციაზე სახელმწიფო მინისტრი ჯამბულ ბაკურაძეა. მინისტრის სახელზე ირიცხება 150 ათასლარიანი ბინა თბილისში და 5 ათასლარიანი აგარაკი ანანურში, შვილის სახელზე - 40 ათასლარიანი ბინა, მეუღლის სახელზე - 100 ათასლარიანი ბინა სანკტ-პეტერბურგში. შვილს 7 ათასიანი ავტომობილი ჰყავს. ბატონ ჯამბულს კი ყველაზე ძვირადღირებული მაგიდა აქვს მინისტრთა შორის - ანტიკვარული მაგიდის ფასი 5 ათასი ლარია. „ქეშად“ ბიზნესმენთა ლობს 11 ათასი ლარი აქვს, საერთოდ კი, მისი ქონება 360 240 ლარისაა.

მეხუთე ადგილზეა ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური. მის ოჯახს 340 141 ლარის ქონება აქვს. ეს ქონება გასაკვირი არც არის, მამამისი - ზურაბ გილაური შპს „თბილლუდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა და ყავის სახლის დირექტორიც. გასაკვირი პირიქით, ის არის, რომ მამამისს ყავის სახლიდან მიღებულ წლიურ შემოსავლად 1670 ლარი აქვს მითითებული. არ დაგავიწყდეთ, ეს ის ყავის სახლია, რომელიც სულ გადატენილია და ყავას ლამის ყანწებით სვამენ. გილაურების ოჯახში დედის კულტია, ყველაფერი დედის სახელზეა - 80 ათასიანი აგარაკი წავკისში, 75 ათასლარიანი ბინა ქობულეთის ქუჩაზე, 75 ათასიანი - თამარაშვილზე. მამის სახელზეა 70 ათასლარიანი ბინა ბახტრიონზე. ძმას აქვს 17 ათასლარიანი „პეჟო 607“, თვითონ მინისტრს მარტო მანქანა ჰყავს - 9 ათასლარიანი. მამამისს 20 ათასი აქვს „ქეშად“, ძმას - 10 ათასი, თვითონ - ხუთი ათასი. ისე, ძმები გილაურები მარდები ყოფილან კრედიტების აღებაშიც. თვითონ ნიკას 10 ათასდოლარიანი კრედიტი აქვს აღებული „სიტი“ ბანკიდან, ძმას - 500 ფუნტიანი კრედიტი ლონდონის „ბარკლერის“ ბანკიდან. ძმას 23 980 ფუნტიანი სტიპენდიაც აქვს მიღებული ბრიტანეთის მთავრობიდან.

მეექვსე ადგილზე უკვე მოხსნილი მინისტრი, ირაკლი რეხვიაშვილი იყო 333 832 ლარიანი ქონებით. ის მინისტრთა შორის კაი საბანკო „შოტებით“ გამოირჩევა. ბუდაპეშტში, რაიფაიბერის ბანკში 12 ათასი დოლარი აქვს შენახული, ამერიკაში, მერიდიანის ფონდის საპენსიო ფონდის ანგარიშზე კი - 20 ათასი დოლარი, ლონდონის „ბარკლერის“ ბანკში 100 ფუნტი აქვს მიბარებული. არც ჩვენი „თიბისი“ გაანაწყენა და სულ ახლახანს 2 ათასი დოლარი „თიბისიშიც“ შეინახა, ჯიბეზე კი 3 ათასი ლარი დაიტოვა.

მომდევნო პოზიციაზე გოგა ხაინდრავაა. მას 300 968 ლარის ქონება აქვს. მას აქვს 45 ათასიანი ბინა და 200 ათასიანი მშენებარე ბინა. ხაინდრავას ვაჟი 8 ათასიანი მანქანით დადის, მეუღლე, მსახიობი მარიკა ჭიჭინაძე - 2 ათასლარიანი მანქანით. თვითონ 10 ათასლარიანით. მის დეკლარაციაში ორი ნახატია - თითო 10 ათას ლარად შეფასებული. სახელმწიფო მინისტრს წვრილ-წვრილად ბანკებშიც აქვს ფული. „თიბისიში“ 3 833 დოლარი აქვს მიბარებული, 143 დოლარი ერთ კარტაზე აქვს, 130 დოლარი - მეორეზე.

მის შემდეგ ჯერაც თავდაცვის მინისტრი, მალე კი უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი მოდის. ბეჟუაშვილს 298 264 ლარიანი ქონება აქვს. მის დეკლარაციას დეტალურად აღარ შევეხებით. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მასაც ძირითადად ანგარიშებზე აქვს ქონება დაბანდებული. მსოფლიოს ამბებს კი 5 ათასლარიანი ტელევიზორით იგებს.

მომდევნო პოზიციაზე დღე-დღეზე გასაუქმებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი პირი თამარ სულუხიაა. მას 225 246 ლარის ქონება აქვს. თუმცა, უფრო სწორად, მის ქმარს აქვს, რადგან ყველაფერი მის სახელზეა - 85 ათასლარიანი ბინაც, 55 ათასლარიანი მიწის ნაკვეთიც, 37 ათასლარიანი აგარაკიც, 7 ათასლარიანი „ნივაც“ და 6 ათასლარიანი „ოპელ-ომეგაც“. სამაგიეროდ, ცოლი ბანკებში ინახავს ფულს. „თიბისიში“ ცალკე 2 095 ლარი აქვს გადანახული, ცალკე - 8 729 დოლარი და ცალკე - 4 ათასი დოლარი.

სულუხიას გარემოს დამცავი თამარ ლებანიძე მოსდევს 209 232 ლარიანი ქონებით. მისი ქონების ბატონ-პატრონიც ქმარია. ქმრის საკუთრებაშია - 70 ათასიანი ბინა უზნაძეზე, 25 ათასლარიანი ბინა საბურთალოს ქუჩაზე, 10 ათასლარიანი მიწის ნაკვეთი დიღმის მასივში, 6 ათასლარიანი „ფოლკსვაგენ გოლფი“. ქალბატონ მინისტრს მარტო 20 ათასიანი აგარაკი ეკუთვნის მუხათწყაროში. ისიც, სულუხიას მსგავსად, ფულს ბანკში ინახავს. „ქართუში“ 16 ათასი დოლარი აქვს, „ქართუს“ ერთ კრედიტკარტაზე 100 დოლარი, მეორეზე - 4 000 დოლარი. ქმარს ბანკ „რესპუბლიკაში“ აქვს შენახული 20 ათასი დოლარი. თამარ ლებანიძეს ხელზე 3 ათასი ლარი აქვს, ქმარს - 1000 დოლარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამინისტრებამდე თამარ ლებანიძის წლიური შემოსავალი 24 ათასი დოლარი იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ფანტიაშვილების ჩამომავალია.

მომდევნო პოზიციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძეა 208 900 ლარიანი ქონებით. ის მანქანების სიმრავლით გამოირჩევა. მის დეკლარაციაში სამი მანქანაა და სამივე მის სახელზეა გაფორმებული. ერთი 5 ათას ლარიანია, მეორე - 4 ათასიანი, მესამე კი - 2500 ლარიანი. სამაგიეროდ, ბატონ მინისტრს საერთოდ არ აქვს გარაჟი და ეს მანქანები, ალბათ ეზოში უყენია.

შერვაშიძეს მოსდევს პრემიერ-მინისტრი ჟვანია 207 320 ლარის ქონებით, ჟვანიას შემდეგ მოდის ირაკლი ოქრუაშვილი 197 147 ლარის ქონებით. მას 194 486 ლარიანი ქონებით კუდში მისდევს განათლების მინისტრი კახა ლომაია, რომლის დეკლარაციაში საინტერესო მხოლოდ ის არის, რომ „ნახალოვკაში“, დადიანზე, სამოთახიანი ბინა 24 ათას ლარად აქვს შეფასებული. არადა, ამ უბანში, ამ ფართის ბინების ფასი გაცილებით მაღალია.

ლომაიას სახელმწიფო მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მოსდევს 188 660 ლარიანი ქონებით. ბერუჩაშვილს მთავრობაში ყველაზე „დონე“ ქურქი აქვს - 10 ათასლარიანი. გარდა ამისა, ახლახანს იყიდა „სპალნა“ 3150 ლარად, დეიდამ აჩუქა 3 ათასი დოლარი, ძმამ - 1000 დოლარიანი ანტიკვარული კარადა.

ბერუჩაშვილს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი მოსდევს 146 531 ლარიანი ქონებით. მასაც კაი ქონება აქვს დაგროვილი ასაკის კვალობაზე. მის სახელზეა 100 ათასიანი ბინა, 5 ათასიანი მანქანა, 7 123 ლარიანი ანგარიში „თიბისიში“, 3 ათასლარიანი - „ქართუში“.

აი, ჯანდაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი ისევ მამის და ცოლის კისერზეა. მათ ოჯახს 137 680 ლარის ქონება აქვს. მამისაა 50 ათასიანი ბინა ბაგებში, ცოლისაა - 50 ათასიანი ბინა ნუცუბიძეზე, 20 ათასიანი სახლი ზემო მაჩხაანში და 10 ათასიანი 8 ჰექტარი მიწა დედოფლისწყაროში. თვითონ მარტო 4 ათასი დოლარი აქვს, ისიც იმის წყალობით, რომ 4500 დოლარად მანქანა გაუყიდია.

მომდევნო პოზიციაზეა კულტურისა და სპორტის მინისტრი გოკა გაბაშვილი 120 560 ლარიანი ქონებით. გოკას სახელზეა 45 ათასლარიანი ბინა და 20 ათასლარიანი აუშენებელი ბინის ორდერი. მის მეუღლეს აქვს 20 ათასლარიანი 70 კვადრატული მეტრი ფართი ბაკურიანში, მშენებარე აგარაკში. ასევე 5 ათასლარიანი კარადა და 13 ათასი დოლარი „თიბისიში“.

გოკას დღეს ისევ უშიშროების საბჭოს მდივანი, დღე-დღეზე კი უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოსდევს 101 584 ლარიანი ქონებით. მერაბიშვილს აქვს 30 ათასიანი ბინა ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში, 5 ათასლარიანი ავტომობილი, 3 ათასლარიანი „სჩოტი“ „ინტელექტბანკში“ და 1800 დოლარიანი - „თიბისიში“. მის მეუღლეს აქვს 2 ათასი დოლარი „ინტელექტბანკში“, 1400 – „თიბისიში“. ასევე, მერაბიშვილებს წილი აქვთ ადიგენის 40 ათასიან საოჯახო სახლშიც.

მერაბიშვილს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ მელიქიშვილი მოსდევს 85 600 ლარიანი ქონებით. მას 8 ათასიანი სახლი აქვს მარნეულში, 33 ათასიანი ბალანჩივაძეზე, 8 ათასიანი „ბეემვე 520“, „ქეშად“ – 5 ათასი დოლარი. მამამისის სახელზეა 14 ათასიანი ბინა გლდანში, 3 ათასიანი გარაჟი და 10 ათასიანი სახლი თეთრიწყაროს რაიონში.

ბოლოდან მესამეა ზურაბ ადეიშვილი, მას მხოლოდ 66 984 ლარი აქვს. აი, ყველაზე ღარიბი მინისტრია ლტოლვილთა მინისტრი ეთერ ასტემიროვა. მას ბინა არ აქვს, არც ძვირფასი ნივთები და 1000 დოლარიც მხოლოდ მას შემდეგ შეიტანა საქართველოს ბანკში, რაც სოროსის დანამატი მისცეს.

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქალაქი გურამ აბსანძის „ლეჩკომბინატის“ უკან მშენებარე ბინაზე ლაპარაკობს, ის ყველაზე ღარიბი მინისტრია, 1000 დოლარიც კი არა აქვს შენახული. შეიძლება მისი „სიღარიბის“ მიზეზი ისიცაა, რომ მას ოჯახის წევრად მხოლოდ მეუღლე ჰყავს მითითებული, ქონება კი შვილებს გადაულოცეს (ალბათ).

და ბოლოს: საერთო ჯამში, აღმასრულებელი ვერტიკალის ქონება 5 381 610 ლარს შეადგენს. ამ ციფრში იგულისხმება მთავრობის წევრებისა და მათი ოჯახების კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება და „ქეშად“ და ბანკებში შენახული ფული.

შეგახსენებთ, აქ არ იგულისხმება არც მოხსნილი მინისტრების - რეხვიაშვილის და სულუხიას ქონება და არც ეკონომიკის ახალი მინისტრის კახა ბენდუქიძის მილიონები. ისე ცნობისათვის, კახა ბენდუქიძის დეკლარირებული 73 მილიონდოლარიანი წილი მანქანათმშენებელი ქარხნების გაერთიანებაში 26-ჯერ მეტია მთლიანად ჩვენი მთავრობის დეკლარირებულ ქონებაზე. ისე, „ქართულ“ დეკლარაციას რომ შეავსებს, მასზე ბევრად საინტერესო ინფორმაციებს მოგაწვდით.

 

ნანახია - 1210