საზოგადოება

თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკება „ნაცმოძრაობისეულად“ გრძელდება

თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკება „ნაცმოძრაობისეულად“ გრძელდება
ნინო მიქიაშვილი

2013-02-17 00:22:33

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ „ნაცმოძრაობის“ დაწყებული თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკება, ხელისუფლების სათავეში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას იმგვარად შეფუთული წარუდგინა, თითქოს დიდი ცვლილება მოხდა და თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტუმრობით, „ნაცმოძრაობის“ დაწყებული და გაწელილი პროცესი ერთი ხელის მოსმით, უმარტივესად გადაწყდა. რეალურად კი არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თურქეთის საქართველოში ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში რელიგიური დანიშნულების ნაგებობა აშენდება, მაგრამ მას აზიზიეს სახელი არ დაერქმევა!

სხვაგვარი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, იმ სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუებიდან, რომელიც 14 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანმხლები პირების თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს მოჰყვა.

საჯარო განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ თურქეთთან მოლაპარაკება ნაცვალგების პრინციპზე არ აიგება. არადა, რა ჰქვია, თუ არა ნაცვალგება, იმას, რომ თურქეთის ხელისუფლებას შეუთანხმდნენ ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთის აშენებაზე?!

აი, ამ მოსაზრების დადასტურებაც - საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ოშკისა და იშხნის რესტავრაციაში მონაწილეობას ქართველი სპეციალისტები მიიღებენ, ხოლო „ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც აშენდება სამლოცველო, მუსულმანური რელიგიის წარმომადგენლებისთვის. ესენი არიან ქართველებიც, რასაკვირველია, ქართველი მუსულმანები პირველ რიგში და მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი მრწამსის მიხედვით ლოცვის საშუალება. ეს შეთანხმებაც იყო მიღწეული გუშინ“.

თუ ქართველ მუსულმანებს, ან საქართველოს ხელისუფლებას რელიგიური დანიშნულების სამლოცველოს აშენება უნდა, ამ საკითხს უცხო ქვეყნის ხელისუფლებას რაზე უთანხმებენ?! რა შუაშია მეზობელი ხელისუფლების სახელმწიფო, თუ აქაურ მუსულმანებს მეჩეთის აშენება უნდათ?!

ან კიდევ, „ნაცმოძრაობის“ მსგავსად ქართველი მუსულმანების აშენებულ რელიგიური დანიშნულების ნაგებობებს თურქულად რატომ გვიცხადებენ?! – „შევთანხმდით რომ საქართველოში თურქული წარმოშობის ძეგლების აღწერა დაიწყება და მათზე ვიზრუნებთო“, - განგვიცხადა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა. არც მას, არც საგარეო საქმეთა მინისტრს, არც კულტურის მინისტრსა და არც მის პირმშვენიერ მოადგილეს იმაზე აღარაფერი უთქვამთ, თურქეთში იმ ტაძრებს რა ეშველება მიზანმიმართულად რომ ანადგურებენ მათი წარმოშობის დამადასტურებელ ქვებს, წარწერებს და ასე შემდეგ. ან, იმ ქართულ ტაძრებს რა ბედი ელით, ზედ ტუალეტები რომ აქვს მიშენებული?!

როგორც წინა ხელისუფლება (კონკრეტულად კულტურის სამინისტრო), ისე ამჟამინდელი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიწყოს ფიქრი მაინც იმაზე, რომ თურქეთის საქართველოში ქართული ტაძრების აღდგენა საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდეს. სამაგიეროდ, შესანიშნავად ერკვევიან ახალციხის რაბათის კომპლექსის რესტავრაციის შემდეგ რატომ და რით არიან უკმაყოფილოები თურქი სპეციალისტები.

და ბოლოს, თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებას წერტილი არ დასმია, ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოგვიწერია და არც საქართველოს საპატრიარქოს გაუკეთებია განცხადება. იმედია ამ ორმა ფაქტორმა ვითარება უკეთესობისკენ შეიძლება შეცვალოს.

ნანახია - 2685