დეკანოზი ტარიელი “ნაციონალების” დამარცხებას უფლის სასწაულად მიიჩნევს
დაიჯესტი

დეკანოზი ტარიელი “ნაციონალების” დამარცხებას უფლის სასწაულად მიიჩნევს

დეკანოზი ტარიელი “ნაციონალების” დამარცხებას უფლის სასწაულად მიიჩნევს
მაკა დეკანოსიძე,"ქართული სიტყვა"

2012-10-10 21:29:44


მღვდელმსახურთა ნაწილის პროტესტმა და კრიტიკულმა პოზიციამ  “ნაციონალებს”, როგორც იტყვიან, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა _ მოძღვრები დაუფარავად მოუწოდებდნენ მრევლს, რომ მხარი არ დაეჭირათ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც არჩევნების წინ მონასტრის გალავანზე “ქართული ოცნების” დროშა აღმართა. დეკანოზი ტარიელი “ოცნების” გამარჯვებას ღვთის კიდევ ერთ სასწაულად მიიჩნევს, რასაც დიდგორის ბრძოლას ადარებს:

_ ეკლესიის მიმართ არსებობდა ერთგვარი საყვედური, თუ რატომ არ აქტიურობდა პოლიტიკურ პროცესებში და თავის პოზიციას უფრო ღიად რატომ არ გამოხატავდა. კომუნისტების შემდეგ მოსული მთავრობებიდან, ყოველი შემდეგი მთავრობის დროს, წინა სანატრელი ხდებოდა. ძველი ისტორიაა: შეთქმულებას აწყობდნენ მთავრობის წინააღმდეგ და ერთ სასულიერო პირს ჰკითხეს, მონაწილეობას რატომ არ იღებო. მან უპასუხა: იცით, რას გეტყვით? _ 5 მთავრობა მაქვს გამოცვლილი და მოსული მთავრობა წასულზე უკეთესი არ მინახავს და ახლა არსებული მთავრობისთვის ვლოცულობ, რადგან ვიცი, შემდეგი ისევ უარესი იქნებაო. მოკლედ, აქამდე სურვილი სწორედ ამიტომ არ მიჩნდებოდა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ რამე მეთქვა, მაგრამ ის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა, ნამდვილი პოლიტიკური, სახალხო და რელიგიური ფერისცვალება იყო. არჩევნების შედეგებმა ქვეყანა გადაასხვაფერა _ ერი და ბერი ასე გახარებული არ მინახავს და ყველას თვალებში იმედის ნაპერწკალი აქვს.

გულწრფელად მჯერა: არ არსებობდა ადამიანური ძალა, რომელიც სააკაშვილის მთავრობას მოერეოდა. ფსალმუნშიც წერია: “ისინი ეტლებითა და ჰუნებით იყვნენ შეიარაღებულები, ჩვენ _ სახელითა უფლისათა”. მართლაც, კბილებამდე შეიარაღებულ პოლიტიკურ ძალას დაუპირისპირდნენ ღვთის იმედად დარჩენილი ადამიანები. აღსდგა სტუდენტი და მოხუცი, მღვდელი და ბერი, დავირაზმეთ და... გამოფხიზლებულ ერს ღმერთმა უდიდესი სასწაული გვაჩუქა. როგორც დიდგორზე იბრძოდა წმინდა გიორგი, ახლაც ასე იყო _ უთანასწორო ბრძოლაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეებრალა თავის წილხვედრი ქვეყანა და, უფალმა, ყველა წმინდანთან ერთად, მიიღო მონაწილეობა ამ წმინდა საქმეში.

_ მამა ტარიელ, სასულიერო პირებიდან “ქართულ ოცნებას” მხარს ყველაზე აქტიურად თქვენ უჭერდით. თუ თვლით, რომ ყველა მომავალი მთავრობა უარესია, პოლიტიკაში რატომ ჩაერთეთ?
_ მთავრობების მიმართ ჩემი, ასე ვთქვათ, ხედვა ერთი წლის წინ, ანუ მაშინ შეიცვალა, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
შორეული წარსულიდან ერთ საინტერესო ფაქტს გავიხსენებ: ის დროშა, რომელიც ახლა სახელმწიფო დროშაა, პატრიარქს გაცილებით ადრე ჰქონდა საპატრიარქოში და მათ, ვინც ხელისუფლებიდან ახლა მიდიან, პატრიარქს ნებართვა სთხოვეს, რომ ეს დროშა პარტიისთვის გამოეყენებინათ. ჯერ მერიის თავზე აღმართეს და მერე, სახელმწიფო დროშად დაამტკიცეს. ეს ხუთჯვრიანი დროშა ახლაც მომწონს და ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარტიულად ითვლებოდა, ტაძართან მქონდა აღმართული, მაგრამ ერთი ამბავი არავის აუტეხავს. ახლა კი, გალავანზე “ოცნების” დროშა რომ დაინახეს, “ნაციონალებმა” ხალხს ეკლესიაში სიარული აუკრძალეს. სააკაშვილის უგუნურმა საქციელებმა დროშასა და ჰიმნზეც ლამის გული ამიცრუა. იმდენი ცუდი და ანტიეროვნული რამ გააკეთა, რომ ამან ობიექტურობის შენარჩუნების საშუალება აღარ მომცა და ისიც კი, რაც კარგი იყო, აღარ მომწონდა, თუმცა კარგი ბევრი არაფერი გაკეთებულა. ჩემი სუბიექტური პოზიციის გამო, ბევრი განმიკითხავდა, მაგრამ ღმერთმა ყველა დალოცოს. არ ვიცი, რატომ მერჩოდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს აღარ განმიკითხავენ _ ალბათ, ხვდებიან, რომ ჩემი საქციელი სწორი იყო. ისე, ყველაფრისთვის მზად ვიყავი _ სისხლის გამოსაშვებადაც, მაგრამ ყველაფრის ასე უმტკივნეულოდ დასრულება ღვთის კიდევ ერთ წყალობად მივიჩნიე.

_ მამა ტარიელ, მართალია, უწმინდესს თავისი პოზიცია ღიად არ გამოუხატავს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში აშკარად იგრძნობოდა, რომ “ქართული ოცნების” მიმართ გარკვეული სიმპათია ჰქონდა...
_ პატრიარქისთვის არც ერთი მთავრობის დროს არ შემიმჩნევია, რომ პოლიტიკური სიმპათია ასე აშკარად ჰქონოდა. ეს რომ მეგრძნო და დამენახა, მისი მჯერა და რომელიმე ძალის მიმართ სიმპათია მეც მექნებოდა. რადგან ივანიშვილისა და მისი ძალის მიმართ პატრიარქის ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდი, ჩემს პოზიციასაც, შეიძლება ითქვას, უფრო თამამად გამოვთქვამდი და ვინც იცოდა პატრიარქთან ჩემი სიახლოვე, რა თქმა უნდა, ხვდებოდა, უწმინდესი რა პოზიციაზე იდგა.

_ ის მოძღვრები, რომლებიც სააკაშვილს სტიმულს აძლევდნენ და მის მხარდამჭერ სასულიერო პირებად აღიქმებოდნენ, როგორ ფიქრობთ, ახლა პოზიციას შეიცვლიან?
­_ დარწმუნებული ვარ, მათ ბიძინა მოსწონთ და მისი საწინაააღმდეგო არაფერი აქვთ. შეცდომა ყველას მოსდის. მრევლის თვალებში სიხარულს, მომავლის რწმენას დაინახავენ და აღიარებენ, რომ ცდებოდნენ.

_ წინასაარჩევნო პერიოდში ზოგმა სასულიერო პირმა მთავრობა დაწყევლა, ზოგმაც _ ამომრჩეველი...
_ ზოგი იწყევლებოდა, უფრო მეტი კი, ილოცებოდა. სხვათა შორის, როცა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომელსაც სთხოვეს, ცოდვიანი და უგუნური მთავრობა დაეწყევლა, განაცხადა, რას ამბობთ, მათთვის ამდენს ვლოცულობ და მაინც რას სჩადიან, რომ დავწყევლო, სულ გადაირევიანო. ყოფილი მთავრობისთვის კიდევ უფრო მეტი ლოცვაა საჭირო.
არც “ხუთიანის” შემომხაზავები უნდა დავწყევლოთ, რადგან ისინი შეაცდინეს _ ტვინი აქვთ არეული და მეტი დაწყევლა რაღა უნდათ? ბევრმა ქრისტეს ბარაბა არჩია და ჩვენი ხალხიც, დაახლოებით, ამ მდგომარეობაში იყო. დარწმუნებული ვარ, ახლა გონება გაუნათდებათ და დარწმუნდებიან, რომ ცდებოდნენ.

_ სხვათა შორის, სასულიერო პირების ნაწილი დაუფარავად აცხადებდა, რომ “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი იყო...
_ ნამდვილად ასეა. წინა ხელისუფლება ბოროტი და სასტიკი ძალა რომ იყო, ამას ციხის კადრებიც ადასტურებს. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ამ საშინელების ჩამდენთა ცოდვა, თუ გულით არ მოინანიეს, მეშინია, ერზეც არ გადავიდეს! სინანული ერთადერთია, რაც მათ გადაარჩენს.

ისე, მოძღვრებსაც გვკითხეს, ვიცოდით თუ არა მსგავსი სისასტიკის შესახებ. ციხეში მეც შევდიოდი... ვიცოდი, რომ პატიმრებს სცემდნენ და ამას ვაპროტესტებდი, მაგრამ ისეთ შემზარავ რამეზე, რაც ვნახე, წარმოდგენა არ მქონდა.

...თუ ყველა დავრწმუნდებით, რომ ის, რაც პირველ ოქტომბერს მოხდა, უდიდესი სასწაულია, ეს ნამდვილად იბერიის გაბრწყინების დასაწყისი იქნება. ვინც უფრო ვიწრო ჭრილში უყურებს ამ პროცესებს, მათ გასაგონად კი, ვიტყვი: ამ ბრძოლაში გამარჯვებული და დამარცხებული არ არსებობს. უბრალოდ, ქვეყანამ გაიმარჯვა და გადარჩა.

ნანახი?- 3304

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80