„შემოდგომის ლეგენდა“ - წინასაიუბილეო კონკურსი
სიახლეები

„შემოდგომის ლეგენდა“ - წინასაიუბილეო კონკურსი

„შემოდგომის ლეგენდა“ - წინასაიუბილეო კონკურსი
for.ge

2018-09-03 19:38:50

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის “შემოდგომის ლეგენდის“ 10 წლის იუბილემდე გასული წლების ყველა გამარჯვებული და ჟიურის წევრები წინასაიუბილეო კონკურსში შეხვდნენ ერთმანეთს. ლიტერატურული დაბრუნება უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. 

კონკურსი კახეთში, სოფელ კისისხევში, ჩატარდა. კონკურსის მონაწილეები ორ ნაწილად გაიყვნენ: გასული წლების გამარჯვებულებმა საკონკურსო თემა ჟიურის წევრებისთვის მოიფიქრეს, ჟიურის წევრებმა კი თემა გამარჯვებულებს შესთავაზეს. მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ახალ ნაშრომებს ქმნიდნენ. იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი მოთხრობები საიუბილეო ბროშურაში შევა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერის ნინო კალანდიას თქმით, „შემოდგომის ლეგენდის“ მიერ აღმოჩენილი სახეები და ჟიურის წევრები განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან ერთმანეთს. „ჩვენს კონკურსს აქვს დევიზი: აღმოვაჩინოთ ახალი სახელები და სახეები. ახლა კი უკვე აღმოჩენილი სახელები და სახეები კახეთში გვყავს წამოყვანილი. ჩვენ ვთხოვეთ მათ, შეექმნათ ახალი ნაწარმოებები. კონკურსის კონცეფცია არის ძალიან მარტივი, ორ ეტაპად ხორციელდება და ეს იმპროვიზაციული ტური ყველაზე საინტერესოა“ - აღნიშნა თსუ პროექტების მენეჯერმა.

„შემოდგომის ლეგენდის“ ჟიურის წევრის და ახლა უკვე კონკურსის მონაწილის, მწერალ დათო ტურაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობა ჟიურის წევრობაზე მარტივი და საინტერესოა. „საქართველოში ჟიურის წევრობა ძალიან რთულია, ამიტომ მონაწილის ამპლუაში თავს გადასარევად ვგრძნობ. ზოგადად, პროექტ „შემოდგომის ლეგენდის“ იდეა ძალიან მომწონს. რამდენი წელია ეს კონკურსი ტარდება და ბევრი ცნობილი მწერალი გამოზარდა. სტუდენტობაში ასეთი წახალისება რომ მქონოდა, ძალიან მაგარი იქნებოდა,“ - აღნიშნა მწერალმა.

დათო ტურაშვილისგან განსხვავებით, მწერალ სალომე ბენიძისთვის კონკურსის მონაწილის ამპლუაში ყოფნა ჟიურის წევრობაზე რთული აღმოჩნდა. „ეს ფორმატი ძალიან საინტერესოა, თუმცა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, იმიტომ, რომ განსაზღვრულ დროში განსაზღვრულ თემაზე უნდა წერო, როცა შეიძლება საერთოდ სხვა განწყობაზე იყო ადამიანი. თუმცა არაჩვეულრბივი გუნდია შეკრებილი და, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნაწარმოებები შეიქმნება,“ - აღნიშნა მწერალმა.

„შემოდგომის ლეგენდის“ ერთ-ერთი გამარჯვებულის სალომე მხეიძის თქმით, მსგავს კონკურსებში მონაწილეობა ძალიან დიდი გამოცდილებაა. „საქართველოში ლიტერატურული სამყარო ძალიან პატარაა, პატარა ქვეყანა ვართ ლიტერატურული პროცესებისთვის, აქედან გამომდინარე, „შემოდგომის ლეგენდა“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ასეთი კონკურსები ბევრი არ ტარდება, ამიტომ ამ პროცესებში ჩართვა ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოა,“ - აღნიშნა სალომე მხეიძემ.

წინასაიუბილეო კონკურსის შედეგად ორი გამარჯვებული გამოვლინდება. გამარჯვებულები სპეციალურ პრიზს - ფულად პრემიას მიიღებენ. გამარჯვებულებისთვის პრიზების გადაცემა და ბროშურის პრეზენტაცია შემოდგომის ლეგენდის მეათე საიუბილეო გალა დაჯილდოებაზე გაიმართება. 

 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80