ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი თსუ-ში

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი თსუ-ში

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირი თსუ-ში
for.ge

2018-07-06 17:21:17

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთშორისო ტურნირი გაიხსნა. ტურნირში 9 ქვეყნის 15 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის 200-მდე მონაწილეს შორის, 100-ზე მეტი უცხოელია, ჟიურის 35 წევრი და დამკვირვებელი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. ტურნირში 25-მდე ქართველი ჟიურის წევრი და 30 მოხალისე მონაწილეობს. საქართველო ტურნირზე 2 გუნდით წარსდგება.   `

ტურნირის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თსუ სტუდენტის გიორგი ხომერიკის თქმით, საქართველოსთვის მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია. „ტურნირი ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგია-მათემატიკა-ინფორმატიკაში ტარდება. წელს ტურნირის მონაწილეებს საქართველო, კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ჩვენი მონაწილეები უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში არიან დაბინავებულები. ასეთი ღონისძიების ჩატარება ძალიან პრესტიჟულია ჩვენი ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა ორგანიზატორმა.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. გასულ წელსაც ვიყავი და დიდი გამოცდილება მივიღე. ძალიან კარგია მსგავსი ტიპის ტურნირების არსებობა, რადგან ამ გზით, ჩვენ სხვადასხვა მეცნიერულ პრობლემებს განვიხილავთ,“ - აღნიშნა ტურნირის მონაწილემ, ბულგარეთის გუნდის კაპიტნანმა  გეორგე ივანოვმა. 

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი  ოლიმპიადებისგან განსხვავებული, ინტელექტუალური კონკურსია 17  წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის. ტურნირი წარმოაჩენს მოსწავლეების  უნარს წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) დასმული პრობლემები, წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები  და  შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. ტურნირი მოსწავლეებს ეხმარება კოლექტიური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. შემოთავაზებული დავალებები  ეხება ისეთ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა ტურნირის მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს. 

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს სკოლების  მოსწავლეები მრავალი ათეული წლის მანძილზე მოწინავეთა რიგებში არიან და სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. 2014-2016 წლებში   საქართველოს ნაკრებმა გუნდმა ზედიზედ სამჯერ ოქროს მედლები მოიპოვა. 2017 წელს ჩინეთის ქალაქ ნანკინში ჩატარებულ მეხუთე ტურნირზე ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, დღეისათვის  ახალგაზრდა ნატურალისტთა მსოფლიო რეიტინგში  საქართველო ლიდერია.  

საერთაშორისო ტურნირი 12 ივლისამდე გასტანს. 

 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80