„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“
სიახლეები

„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“

„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“
for.ge

2018-04-16 20:00:09

პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა საქართველოს 9 უმაღლესი სასწავლებლის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის „1+4“ სტუდენტები მონაწილეობდნენ. 

კონკურსის 45-მა მონაწილემ დავით ტურაშვილის მოთხრობა „კურკა“ კარნახით დაწერა. გამარჯვებულ სტუდენტებს სპეციალური დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, წლევანდელი პროექტი მასშტაბური იყო. „ძალიან კარგია, რომ ჩვენს ეთნიკურად არაქართველ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ  სახელმწიფო ენა შეისწავლონ, სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირდნენ, კარიერული წინსვლა და ყველა ის სიკეთე ჰქონდეთ, რომელიც საქართველოს მოქალაქის მაღალ წოდებასთან არის დაკავშირებული,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ პროექტი სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეს იქნება სამომავლო წარმატების  წინაპირობა. ვიცი რომ ბევრი სასწავლებელი და სტუდენტი იყო ჩართული. ვფიქრობ, რომ მონაწილეობა უკვე არის გამარჯვება და ეს არის  ნიშანი იმის, რომ გაცნობიერებული გვაქვს სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობა,“ - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

“ეს პროექტი არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ამ სტუდენტებთან მიმართებით. სახელმწიფო ამით ხელს უწყობს მათ, რომ შეიყვარონ, დახვეწონ და შეისწავლონ კიდევ უფრო მეტად ქართული ენა.“- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

პროექტის მონაწილის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ტირუჰი პეტროსიანის თქმით, „აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ ისწავლოს ქართული ენა. ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან არაქართულენოვანი სტუდენტები იღებენ მონაწილეობას და ქართული ენის ცოდნას აჩვენებენ.“

აღნიშნული ღონისძიებით დაიხურა ქართული ენის კვირეული, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80