„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი თამაშის წესები, სადაც მოქალაქეები შეძლებენ პროექტების რეალიზებას ეროვნული ეკონომიკის სასარგებლოდ“
სიახლეები

„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი თამაშის წესები, სადაც მოქალაქეები შეძლებენ პროექტების რეალიზებას ეროვნული ეკონომიკის სასარგებლოდ“

„ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი  თამაშის წესები, სადაც მოქალაქეები შეძლებენ პროექტების რეალიზებას ეროვნული ეკონომიკის სასარგებლოდ“
for.ge

2018-04-16 11:11:05

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „იმედის კვირა“-ში დაგეგმილი სასტარტო კაპიტალის რეფორმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რეფორმის მთავარი ამოცანა ქართულ ეკონომიკაში ისეთი ფინანსური მექანიზმების შექმნაა, რომლებიც ქვეყანაში ყველა სიცოცხლისუნარიანი პროექტის რეალიზების შესაძლებლობას მოგვცემს. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, აღნიშნული მექანიზმები ფინანსური სექტორის ჩართულობით უნდა შემუშავდეს. 

მამუკა ბახტაძის თქმით, მეწარმეები, სასტარტო კაპიტალის მკვეთრი დეფიციტის გამო, პროექტების განხორციელებას ვერ ახერხებენ, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების განუხორციელებლობის ფუფუნება კი ქვეყანას არ აქვს. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ უნდა შემუშავდეს სამართლიანი თამაშის ახალი წესები და ყველა სიცოცხლისუნარიან პროექტებს მიეცეს განხორციელების საშუალება. მამუკა ბახტაძის თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმის ლაიტმოტივიც ახალი, სამართლიანი თამაშის წესების შემუშავებაა. 

„ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიების გაჩენის რისკი ძალიან მაღალია, ხოლო საბაზრო ეკონომიკაში მონოპოლიები ნიშნავს კონკურენციის დაბალ დონეს და გაზრდილ ხარჯებს. იმისათვის, რომ არ მოხდეს მონოპოლიების გაჩენა, აუცილებელია ყველასთვის სამართლიანი წესების შემოღება. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი  თამაშის წესები, სადაც მოქალაქეები შეძლებენ პროექტების რეალიზებას ეროვნული ეკონომიკის სასარგებლოდ“  - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის, პირველი ივლისიდან, მცირე მეწარმეებს, რომელთა შემოსავალიც 500 ათას ლარს არ აღემატება, გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ და ისინი სიმბოლურ, 1% გადასახადს გადაიხდიან. ფინანსთა მინისტრის თქმით, გამარტივებული პროცედურები და დაბალი გადასახადები არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ეკონომიკის ისეთი ზრდისთვის, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. 

მამუკა ბახტაძის თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმა აუცილებლად განსახორციელებელია და საქართველოს მთავრობა ამ გზას არ გადაუხვევს. 

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში სიღარიბე უნდა დავამარცხოთ. ხოლო სიღარიბის დამარცხება მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელია“ - განცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80