პირველი საჯარო ლექცია - ლევან გიგინეიშვილი

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

პირველი საჯარო ლექცია - ლევან გიგინეიშვილი

პირველი საჯარო ლექცია - ლევან გიგინეიშვილი
for.ge

2018-02-12 18:16:03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა წლის პირველ საჯარო ლექციის ფარგლებში წაიკითკა საჯარო ლექცია თემაზე „იოანე პეტრიწის ჰენადების თეორია და მისი ახალი ანთროპოლოგია". ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ზუსტად 100 წლის წინ ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა პირველი საჯარო ლექცია ჩვენ უნივერსიტეტში. დღეს  კი ლევან გიგინეიშვილმა წაიკითხა. ლევან გიგინეიშვილი არის ჩვენი ახალი პროფესორი. სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ასეთი კარგი პროფესურა,  მკვლევრები, ახალგაზრდა მეცნიერები უბრუნდებიან ალმა მატერს. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება 100 წლის უნივერსიტეტს გაუკეთოს მისმა კურსდამთავრებულმა.“

„წილად მხვდა პატივი, რომ 100 წლის იუბილეზე პირველი საჯარო ლექცია წამეკითხა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება თემას - თითქოს აბსტრაქტული ფილოსოფიური საკითხია, ერთის და სიმრავლის ურთიერთობაზე. ეს დაწყევლილი საკითხია ფილოსოფიაში. რატომ არის საინტერესო? საინტერესოა იმიტომ რომ ეს არის მარადიული საკითხი ფილოსოფიაში, რომლის გადაწყვეტაზე დღესაც თავს იმტვრევენ მეცნიერები. ამავე დროს იოანე პეტრიწთან ეს დაკავშირებუილია ადამიანის ახალ გაგებასთან და ადამიანის სუბიექტურობის, პერსონალურობის ახლებურ გააზრებასთან. ვფიქრობ, ეს ახლებური გააზრება დღესაც საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს,-“ აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.

ლევან გიგინეიშვილმა 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით. 1995 წელს – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტი მაგისტრის წოდებით; შემდეგ – ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით; 2000 წელს კი – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი შუა საუკუნეების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. 2003 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2001-2005 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წლიდან ასწავლის გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში ლიტერატურასა და ფილოსოფიას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა 2005 -2017 წლებში. 2018 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 

„წლის პირველი საჯარო ლექცია“ ყოველწლიურად ტარდება. პირველი საჯარო ლექცია პირველად 100 წლის წინ, 1918 წლის 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“. 2015წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა წაიკითხა საჯარო ლექცია „თანამედროვე მონაცემები უძველესი ჰომოს შესახებ.“

 

        

სარეკლამო ბანერი
1000 X 80