თსუ-ში საგრანტო კონკურსის საფუძველზე უკვე დაფინანსდა 59 სტუდენტური პროექტი
სიახლეები

თსუ-ში საგრანტო კონკურსის საფუძველზე უკვე დაფინანსდა 59 სტუდენტური პროექტი

თსუ-ში საგრანტო კონკურსის საფუძველზე უკვე დაფინანსდა 59 სტუდენტური პროექტი
for.ge

2017-04-21 15:46:12

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგრანტო კონკურსის საფუძველზე უკვე დაფინანსდა 59 სტუდენტური პროექტი (სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული) და დაიწყო მათი განხორციელება. ამის შესახებ ისაუბრა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. მისი თქმით,  „უნივერსიტეტი ყოველთვის შეუწყობს ხელს სტუდენტებს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მეცნიერებაში მოსინჯონ საკუთარი თავი, გამოიყენონ ის პოტენციალი, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ. ამიტომაც სამეცნიერო პროექტების მიღება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.“

განათლებასთან ერთად თსუ ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაზეც. რექტორის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმზე 70-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი. დასაქმება-სტაჟირების პირველივე შედეგები ფორუმის მსვლელობისას გამოიკვეთა. შარშან პირველად ჩატარებულმა ფორუმი სტუდენტთა დასაქმებისა და სტაჟირების კუთხით საკამოდ შედეგიანი გამოდგა.

სტუდენტებს თავად უნივერსიტეტში მიეცათ სტაჟირება-დასაქმების შესაძლებლობა. გუშინ, თსუ პირველი კორპუსის ეზოში, მანამდე კი მაღლივ კორპუსში გახსნილ სტუდენტურ სასადილოში თსუ-ში მოქმედი პროფესიული პროგრამების სტუდენტები გადიან სტაჟირებას. „ჩვენ დანაპირები შევასრულეთ, მაღლივსა და პირველ კორპუსებთან გაიხსნა სტუდენტური სასადილო. კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ სტუდენტურ სერვისებს. ეს ჩვენი დანაპირები და მუდმივი ზრუნვის საგანია “-აღნიშნა თსუ რექტორმა და დასძინა, რომ კვების ობიექტებზე უახლოეს მომავალში სტუდენტებიც დასაქმდებიან. 

თსუ რექტორმა კიდევ ერთ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია „PricewaterhousCoopers“ ორშაბათიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის აუდიტს დაიწყებს, რომლის დახმარებითაც მოხდება თსუ ადმინისტრაციისა და სტუდენტური სერვისების გაუმჯობესება და უნივერსიტეტის მმართველობითი აპარატის გამარტივება. უნივერსიტეტმა აუდიტორული კომპანიის მომსახურებისთვის მოიგო  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი. აუდიტორული კომპანიის დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციაც.

გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით დაინტერესდნენ დუბაიში გამართულ საერთშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე. გამოფენაზე მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი. თსუ-მ გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „ისწავლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში მიიღო. თსუ-ში რამდენიმე ასეული უცხოელი სტუდენტი სწავლობს. რექტორის განცხადებით, „დუბაიში გამართული გამოფენის შემდეგ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. რამდენიმე ასეული აპლიკანტი გამოჩნდა, რომელმაც სურვილი გამოთქვა თსუ-ს სხვადასხვა პროგრამაზე გააგრძელოს სწავლა. განსაკუთრებული ინტერესი სამედიცინო ფაკულტეტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე გამოვლინდა. დიდი დაინტერესება მოიპოვა ტექნიკურმა პროგრამებმა, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერებები, სამოქალაქო ინჟინერია და სხვა.“

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80