რაჭის და იმერეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა
სიახლეები

რაჭის და იმერეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა

რაჭის და იმერეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა

2017-01-06 15:48:28

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და ჯიღაურას კვლევით ბაზაზე გაშენებული  ქართული უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები შეაფასეს.  

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ღვინის სპეციალისტებთან ერთად იმერეთის და რაჭის ყურძნის უნიკალური ჯიშებისგან დაყენებული  24 სახეობის ღვინო შეაფასეს და საუკეთესო გამოავლინეს. შესაფასებლად   წარდგენილი  10 სახეობის თეთრი და 14 სახეობის წითელი ღვინიდან  ყველაზე მაღალი შეფასება თეთრი ღვინოებიდან - კაბისტონმა, ხოლო წითელი ღვინოებიდან - ძელშავმა დაიმსახურა.  ღვინის შეფასება მოხდა რამდენიმე პარამეტრით, მათ შორის - შეფერილობის ინტენსივობა, სანელებლების ტონები, სიმჟავე, ტანინი, სიუხეშე, ალკოჰოლის შეგრძნება.

„ჩვენ დავაგემოვნეთ  იმერეთის და რაჭის ყურძნის ცნობილი და მივიწყებული ჯიშებით დაყენებული ღვინოები. მათ შორის იყო ისეთი სახეობები, ისეთი ჯიშებით დამზადებული ღვინო, რომელიც მიტოვებულია და ნამდვილად იმსახურებს  აღიარებას. ესეთია, მაგალითად თეთრი კაბისტონი. ყურძნის ჯიშების და ღვინის შეფასება და შერჩევა ყოველწლიურად  ტარდება.   მნიშვნელოვანია,  რომ  კვლევა გაგრძელდეს, რათა უფრო კარგად გამოიკვეთოს ის  ჯიშები, რომლებიც ქართულ ცნობილ ვაზის ჯიშებს უკვე წარმოებაში შეიძლება  დაემატოს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  მიერ მოძიებულია და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის ქართული    ჯიშის 437 და უცხოური   ჯიშის  350  სახეობის საკოლექციო ნარგაობა.  ჯიღაურას ბაზაზე, ყოველწლიურად,  ნაკლებად შესწავლილი 70-მდე ჯიშის ყურძნისგან, კვლევისთვის,  ღვინის დაყენება და შემდგომ სპეციალისტების მიერ მისი შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება  და საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

„პროექტის მთავარი მიზანია ვაზის ისეთი ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაცია, რომლებიც ნაკლებად არის გავრცელებული საქართველოში და მხოლოდ საკოლექციო ნარგაობებშია  გაშენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჯიშები მაღალი ხარისხის ნაყოფით გამოირჩევიან, მათ მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური პოტენციალი გააჩნიათ.  საქართველოსთვის, როგორც მცირემიწიანი ქვეყნისთვის, მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეთნოგრაფიულ კუთხეებში ადგილობრივი ჯიშების შესწავლა, მათგან დამზადებული ღვინის  პოპულარიზაცია და მათი სამომხმარებლო ბაზარზე დამკვიდრება“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გააგრძელებს ქართული ყურძნის უნიკალური ჯიშების კვლევას,  შეფასებას და მეწარმეებისთვის წარდგენას.

 

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80