სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა 100 დღის მუშაობა შეაჯამა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა 100 დღის მუშაობა შეაჯამა

2013-02-06 17:11:39

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ 100 დღის მუშაობა შეაჯამა. მინისტრმა ისაუბრა ყველა იმ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. დავით კირვალიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებულია და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა. 

2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში გადაწყდა შემდეგი კონკრეტული პროექტების განხორციელება „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის 80% არ იყო რეგისტრირებული. ამიტომ, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა და მოხდა ადგილებზე მონაცემთა მეორადი გადამოწმება და ინფორმაციის დადარება საჯარო რეესტრთან.
,,მცირემიწიანი ფერმერებისთვის, შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. სულ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელების ღირებულებაა 180 მლნ ლარი-ზე მეტი“, - აღნიშნა დავით კირვალიძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა თუ რა სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათებს მიღებენ კონკრეტული ფართობის მიწის მფლობელები. კერძოდ: 0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა; 0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ნიადაგის ხვნა ხნულის დადისკვა/გაფხვიერება ; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი - 300 ლარის ღირებულებით.

ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან; 1.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;

დავით კირვალიძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ ისაუბრა. ეს არის „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“. მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრდება შეღავათიანი აგროკრედიტის შემუშავება რომელიც იქნება 3 სახის საკრედიტო პროდუქტი. ესენია:

1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი მცირე ფერმერებისთვის - 5 000 ლარამდე - უზრუნველყოფის გარეშე. მცირე ფერმერებს საშუალება ექნებათ მიიღონ უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) საწარმოო სეზონის დასაწყისში და დასრულების შემდეგ გადაიხდიან კრედიტის გაცემის მომენტისთვის დაფიქსირებულ საცალო ფასს, დამატებითი პროცენტის დარიცხვის გარეშე.

2. საშუალო და დიდი ფერმერების შეღავათიანი კრედიტით უზრუნველყოფა - 5 000-დან 100 000 ლარამდე - წლიური არაუმეტეს 7-8%-სა.
დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით, ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება 7%-8%-მდე.

3. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტი არაუმეტეს 1 000 000 ლარისა - საშუალოდ წლიური 3%.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის მარტიდან.

,,დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით მხარდაჭერილი იქნება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%. ამ წელს გაიხსნება სოფლის მეურნეობის მინიმუმ 60-მდე გადამამუშავებელი საწარმო“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დავით კირვალიძემ სამინისტროს სხვა სიახლეებზეც ისაუბრა. საგაზაფხულო პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით 2013 წლის იანვარში დაიწყო ტრაქტორისტ-მემანქანეთა გადამზადების კურსი, რომლის ფარგლებში გადამზადდება და შემდგომში დასაქმდება 900 ტრაქტორისტ-მემანქანე. (ჩატარდა კონკურსი გადამზადების პოტენციურ მიმღებთათვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 11,000-მდე მსურველმა)

გამოიყო თანხები დამატებით 350 მძიმე ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ტექნიკის შეძენაზე, 1,700 მოტობლოკზე და შესაბამისი რაოდენობის მისაბმელებზე. ახალი, თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკა საქართველოში საგაზაფხულო სეზონისთვის შემოვა.

დამატებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ახალი, 3 მლნ 600 ათასი ლარის ღირებულების სამელიორაციო ტექნიკა შეიძინა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგიის მიხედვით, დაიწყო სოფლად საინფომრაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნა.

გამოცხადდა ღია კონკურსი და მარტის თვის დასაწყისში დასრულდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურების შექმნა. მთელი საქართველოს მასშტაბით - 54 მუნიციპალიტეტში 250 სპეციალისტი დასაქმდება, რომელიც ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში გლეხებსა და ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტურად განხორციელებისთვის. აჭარაშიც დამატებით გაიხსნება 5 ასეთი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური.

2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი თანხა გაიზარდა 54 მილიონი ლარით (2012 წელს ირიგაციისა და დრენაჟისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 10,000,000 ლარი, ხოლო 2013 წლისთვის ეს თანხა გაიზარდა 64,400,000 ლარამდე). ამჟამად ერთდროულად მიმდინარეობს 10 არხის რეაბილიტაცია შემდეგ რაიონებში: მარნეული, გარდაბანი, მცხეთა, საგარეჯო, ქარელი, კასპი. წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით 50 სარწყავი არხი გაიწმინდება.

დავით კირვალიძემ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) შემუშავების პროცესშია ახალი, ირიგაციისა და დრენაჟის პროექტი, რომელიც ასევე დაიწყება 2013 წლის შემოდგომაზე. პროექტის ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს. ასევე შემუშავების პროცესშია ახალი პროექტი მსოფლიო ბანკთანაც. პროექტის მოცულობა 50 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხები მიმართული იქნება ირიგაციისა და დრენაჟის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, წყლის მოხმარებისა და მართვის გაუმჯობესებაზე, ასევე მიწის საკუთრების უფლებების დადგენა/მინიჭებასა და მიწის ბაზრის ჩამოყალიბებაზე. პროექტის განხორციელება დაიწყება 2013 წლის შემოდგომაზე.

ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და უახლოეს ხანში ხელი მოეწერება სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ პროექტს. აღნიშნული პროექტით საქართველო მიიღებს 40 მილიონი ევროს გრანტს სოფლის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად. აქედან დაახლოებით ნახევარი იქნება საბიუჯეტო გრანტი, ხოლო 15 მლნ ევრო მოხმარდება სასოფლო სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართილი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. ,,მთვრობის ფორმირების პირველივე დღეებიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზრის გახსნის საკითხზე. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმებები, კერძოდ: წარმატებით დასრულდა ქართული დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმთან გენადი ონიშჩენკოსთან შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში რუსი სპეციალისტების 3 ჯგუფი გამოემგზავრება. ისინი იმ კომპანიებს შეამოწმებენ, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს დაიწყონ პროდუქციის შეტანა რუსულ ბაზარზე. ყველა მსურველი გაივლის შემოწმებას. ქართული სასმელები რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევა“, - განაცხადა დავით კირვალიძემ.

მინისტრმა ისაუბრა ახალ საკანონმდელო ინიციატივაზეც, როგორიცაა კანონპროექტი კოოპერაციების ხელშეწყობის შესახებ.
დავით კირვალიძემ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. მისი განცხადებით, დაიწყო მუშაობა სურსათის უვნებლობის კოდექსის შემუშავებისა და მისი სტრუქტურულად ჩამოყალიბებისათვის. ასევე შემუშავდება ცვლილებები და დამატებები ვეტერინარიის კანონში და მცენარეთა დაცვის კანონში. სურსათის უვნებლობის სამსახურის ბიუჯეტი გაიზარდა 3,000,000 ლარიდან 15,700,000 ლარამდე.

შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები და იწყება მათი განხორციელება ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. ესენია: ვაქცინაცია მილიონზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვის; კერძო სექტორში არსებული პირუტყვის აღწერა და მისი ვაქცინაცია; მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ მიმართული პროგრამა.
დავით კირვალიძის განცხადებით, მთავრდება ქვეყნის მასშტაბით ნიადაგების ფიზიკური და ქიმიური თვისებების სწორად შეფასებისათვის საწყისი ანალიზების შესასრულებლად სპეციალური პროგრამის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს მიწათმოსარგებლეებს ზუსტად განსაზღვრონ ნიადაგების აგროსაწარმოო თვისებები, რაციონალურად გამოიყენონ სასუქები და მაქსიმალური ეფექტურობით შეარჩიონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები;

FAO-ს ექსპერტებთან ერთად ჩატარდა მევენახეობის სფეროში კოოპერაციის მიზანშეწონილობის კვლევა და მუშავდება შესაბამისი სამოქმედო გეგმა კოოპერატიული მეურნეობების შექმნისა და წახალისების შესახებ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით დარგის ასოციაციასთან ერთად ყალიბდება მარკეტინგული საბჭო, რომელიც განსაზღვრავს დარგის მარკეტინგულ გეგმას, რომ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებები თანმიმდევრული და მიზანმიმართული გახდეს, მიღწეული იქნას მაქსიმალური შედეგი ოპტიმალური დანახარჯებით. ასევე, დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის აკრედიტაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.