სიახლეები

გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი

გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი

2013-12-09 16:26:08

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და ომის ვეტერანთა საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა: სამშობლოს დამცველთა რიგებს სრულიად მოულოდნელად, 63 წლის ასაკში, გამოაკლდა ღირსეული მამულიშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, დამოუკიდებელი ქართული ჯარის ერთ-ერთი მესაძირკვლე, სამხედრო საქმის საუკეთესო მცოდნე და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე პიროვნება – გენერალი ავთანდილ ლევანის ძე ცქიტიშვილი.

ქართველი სამხედრო მოღვაწე თადარიგის გენერალ-მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი დაიბადა 1950 წლის 26 ივლისს ქ. მარნეულში. ა. ცქიტიშვილმა 1967 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 29-ე საშუალო სკოლა, 1972 წელს კი ქ. თბილისის საარტილერიო სასწავლებელი და იმავე წელს დაინიშნა სსრკ შეიარაღებული ძალების მე-13 გვარდიული სატანკო დივიზიის მე-6 მოტომსროლელთა პოლკის, არტილერიის მართვისა და დაზვერვის ოცეულის მეთაურად უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში. 1973 წელს დააწინაურეს ასეულის მეთაურად. 1975 წლიდან  სამსახური გააგრძელა შუა აზიის სამხედრო ოლქის I არმიული კორპუსის 155-ე მოტომსროლელთა დივიზიის 515-ე პოლკში. 1976 წლიდან დაინიშნა იმავე დივიზიის 906-ე ცალკეული საარტილერიო დივიზიონის შტაბის უფროსად. 1976–1978 წლებში მეთაურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 129-ე დივიზიის საარტილერიო პოლკს.

1978–1981 წლებში ა. ცქიტიშვილი სწავლობდა ლენინგრადის საარტილერიო აკადემიაში. 1981 წელს დაინიშნა ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქის მე-11 გვარდიული არმიის საარტილერიო ბრიგადის დივიზიონის მეთაურად. იმავე წელს ა. ცქიტიშვილი დაინიშნა მე-40 სატანკო დივიზიის 886-ე გვარდიული საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად.

1989 წლიდან ა. ცქიტიშვილმა სამსახური გააგრძელა საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის შტაბში. მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა გაეგძელებინა წარმატებული სამხედრო კარიერა საბჭოთა არმიაში, 1991 წელს დატოვა სსრკ-ს შეიარაღებული ძალების რიგები და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინადადებით დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს I ბრიგადის პირველ მეთაურად. მას დაევალა ბრიგადის ჩამოყალიბება და დაკომპლექტება. 1991 წლის აგვისტოდან იგი დაინიშნა ეროვნული გვარდიის სარდლის პირველ მოადგილედ, 1992 წელს – თავდაცვის სამინისტროს მთავარი საბრძოლო სამმართველოს უფროსად და მასვე დაევალა სამხედრო აკადემიის ჩამოყალიბება. იმავე წლის თებერვალში იგი დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსად, ხოლო 1993 წლის მაისში კი – შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ.

1993 წელს ა. ცქიტიშვილს მიენიჭა ბრიგადის გენერლის წოდება. 1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. 1996 წელს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინადადებით, ა. ცქიტიშვილი დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს და დაინიშნა სასაზღვრო ძალების მთავარი შტაბის უფროსად. 1996 წელს მას მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

2000 წელს ა. ცქიტიშვილმა დატოვა სამხედრო სამსახური და დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ვეტერანთა მოძრაობაში. ის იყო „ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთა ლიგისა“ და „საქართველოს ლეგიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.

2013 წელს ავთანდილ ცქიტიშვილი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე.

ა. ცქიტიშვილი არის ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი, დაჯილდოებულია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამხედრო და სახელმწიფო ჯილდოებით – 3 ორდენითა და 19 მედლით.

საქართველოს უახლესი სამხედრო ისტორიის თვალის ერთი გადავლებითაც ნათლად ჩანს გენერალ ავთანდილ ცქიტიშვილის როლი სამხედრო საქმეში. მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკდებლობის გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, ის არაერთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმის, სასიკეთო წამოწყების სათავესთან იდგა. ორი ათეული წლის წინ, მთავრობის დავალებით, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად, დაიწყო შეიარაღებული ძალებისთვის საფუძვლის ჩაყრა. იგი იყო შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის პირველი უფროსი, მას დაევალა მომავალ ქართველ ოფიცერთა სამჭედლოს – სამხედრო აკადემიის ჩამოყალიბება. სწორედ მას ერგო პატივი ყოფილიყო 1991 წლის 26 მაისს, თბილისის დინამოს სტადიონზე გამართული პირველი ეროვნული სამხედრო აღლუმის სარდალი. 1993 წლის მაისში თავდაცვის სამინისტროს კოლონებს კვლავ გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. აფხაზეთის ომის დასრულების ოცი წლის თავზე ის კვლავ დაუბრუნდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, და ამჯერად ვეტერანთა სამსახურში ჩადგა სამშობლოს დამცველთა ინტერესების დასაცავად. მან თავისი მრავლმხრივი ცოდნით, მდიდარი გამოცდილებითა და შემართებით დიდად შეუწყო ხელი ახალი საჯარო ინსტიტუტის  – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის – ჩამოყალიბებას. მას კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეეძლო, საინტერესო იდეები, რეალისტური სამომავლო გეგმები ჰქონდა მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა...

ყველას, ვინც იცნობდა გენერალ ავთანდილ ცქიტიშვილს, მისი სახელის ხსენებისთანვე თვალწინ დაუდგება საოცარი იერის, წარმოსადეგი, სანდომიანი, მუდამ მხრებში გამართული, ახოვანი, ძლიერი, ყოველთვის მოწესრიგებული, დახვეწილი, ადამიანური თვისებებით შემკული, თავისი ქვეყნისა და თანამებრძოლებისთვის თავდადებული, მაღალი რანგის სამხედრო მოღვაწე, რომლის სახელი და საქმე სხვა ღირსეული მამულიშვილების დარად, დაუვიწყარი დარჩება საქართველოს სამხედრო ისტორიაში.

მსუბუქი იყოს მისთვის ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მშობლიური მიწა, რომლის დასაცავად იგი მუდამ მზად იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი